
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ირაკლი მიქელაძემ, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, შეხვედრა ჩაატარა ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში და წაიკითხა საჯარო ლექცია.
ირაკლი მიქელაძემ დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მიღწევებისა და გეგმების შესახებ. მეცნიერმა პრეზენტაცია გააკეთა თემებზე: ბუნება ჩვენ(ს) გარშემო, მცენარეთა იდენტიფიკაცია, ადგილობრივი და უცხო წარმოშობის მცენარეები.
შეხვედრის მონაწილეებს ირაკლი მიქელაძემ გააცნო საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის თავისებურებანი, აჭარის ფლორისტული რაიონის ენდემური, რელიქტური და წითელი ნუსხის სახეობები. ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ, ინტროდუცირებულ, ინვაზიურ და სარეველა მცენარებზე. ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე.
მკვლევარმა მსმენელებს აუხსნა მცენარეთა კლასიფიკაციისა და იდენტიფიკაციის პრინციპები.
აღნიშნული შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის პარტნიორობის გაძლიერება, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და მომავალ აბიტურიენტთა ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერა.
უკან |