
17–23 ნოემბერს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ირმა გაბინაშვილი ,,ერაზმუს+“-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა სოფიას წმ. კლიმენტ ოჰრიდსკის უნივერსიტეტში (ბულგარეთი). ვიზიტის ფარგლებში მან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა მოკლევადიანი სასწავლო კურსი კომუნიკაციების სტრატეგიებისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე.
სასწავლო კვირის განმავლობაში ირმა გაბინაშვილი სალექციო და სასემინარო შეხვედრებზე უზრუნველყოფდა ბულგარელი სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას, როგორც თეორიულ სწავლებაში, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებში. დისკუსიებს სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე იგი წარმართავდა სოფიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ კალინ კალინოვთან ერთად.
გათვალისწინებული ლექციების გარდა, ირმა გაბინაშვილმა სოფიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა და მათ გადასცა უნივერსიტეტის საინფორმაციო/საიმიჯო მასალები და სამახსოვრო საჩუქრები.
ვიზიტის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, ასოცირებულ პროფესორებთან - სვეტლანა სტანკოვასა და ნიკოლაი მიხაილოვთან. ირმა გაბინაშვილი ჩართული იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და გაცნობით შეხვედრებში. ასევე მოეწყო სამუშაო შეხვედრა სოფიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებთან, კერძოდ, ოფისის კოორდინატორ მილენა მატეევასთან, რომელთან ერთადაც განხილულ იქნა ,,ერაზმუს+“-ის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტები.
შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ბულგარეთის სოფიას წმ. კლიმენტ ოჰრიდსკისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითები, ასევე თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პლატფორმებსა და საერთაშორისო კონფერენციებში აკადემიური პერსონალის აქტიურ მონაწილეობას.