ტრადიციადქცეული კონფერენცია - „ადრეული განათლება და ზრუნვა“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორედ გაიმართა ტრადიციადქცეული საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“. კონფერენციაში 100-მდე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. გამოიკვეთა სხვადასხვა აქტუალური პრობლემა. დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა იმსჯელეს არაერთი პრობლემური საკითხის გადაჭრის გზებზეც. მოზარდის ცნობიერების ჩამოყალიბებასა და აღზრდაში ცალსახად მნიშვნელოვანია ოჯახის, მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოების ხვედრითი წილი. მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
ადრეულ ასაკში შესაბამისი განათლების მიცემა და აღმზრდელობითი საქმიანობის ჩატარება ბავშვის განვითარებისა და ჯანსაღი მომავლის წინაპირობაა. კონფერენცია რამდენიმე სექციისგან შედგებოდა. სესიებზე გამოიკვეთა თამაშზე ორიენტირებული სწავლების, დაკვირვების, დოკუმენტების, ბავშვის სწავლისა და განვითარების შეფასების აუცილებლობა. კონფერენციაზე გამომსვლელების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების ზოგიერთ პრობლემურ ასპექტზეც.