1 სექტემბერი 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი გიორგი შაქარაშვილის სახელობის ოთხთა ტურნირის „შაქარას თასი - 2020“ მინი ფეხბურთში გამარჯვებულია. ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის სახელობის პირველობა ბათუმის ბულვარის სპორტულ მოედანზე, 30-31 აგვისტოს ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ: ბსუ-ს ფუტსალის გუნდი, ბათუმის „ბათუმი“, ბათუმის საზღვაო აკადემია და თბილისური გუნდი „შაქარას მეგობრები“. პირველ დღეს ბსუ-ს გუნდმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი, ხოლო ,,შაქარას მეგობრებმა" 2-0 სძლია ბათუმის „ბათუმს“.ფინალურ მატჩში ბსუ-ს გუნდი „შაქარას მეგობრებს“ დაუპირისპირდა და ძირითადი დრო ანგარიშით 3-3 დასრულდა. დამატებით პენალტების სერიაში ბსუ-ს გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა და „შაქარას თასი“ მოიპოვა.
ბსუ-ს წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით, დაწესდა გიორგი შაქარაშვილის სახელობის 100-ლარიანი სტიპენდია, რომელიც გადაეცა ბსუ-ს გუნდის წევრს, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტს გუგა ბუღგალცერს.
ტურნირი ბსუ-ს ადმინისტრაციის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ქალაქ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის, ბათუმელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.