23 ივნისი 2021 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2021 გაიხსნა. სხვადასხვა ფაკულტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი სამეცნიერო მოხსენებებს ცხრამეტი სექციის მიმართულებით წარმოადგენს. სამეცნიერო სესიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ და სექციის საპრიზო ადგილზე გასული მოხსენებების ავტორებს ფულად ჯილდოს გადასცემენ. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.
ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით იმართება.