16 მაისი 2023 წელი
სტუდენტური დღეების ფარგლებში, ბსუ-ში მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ზებურ ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია საჭადრაკო ტურნირი „ზებურ ავალიანის თასი - 2023“ ჩატარდა. ტურნირი 9 ტურად, შვეიცარული სისტემით გაიმართა და მასში 80-მდე სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებელი, ჭადრაკის მოყვარული და ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობდა. პირველობა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა თედო ბოლქვაძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე გავიდა მათემატიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი თენგიზ დიდმანიძე, მესამე ადგილზე - ბსუ-ს კურსდამთავრებული თინათინ ბერიძე, ხოლო ნომინაციაში - „საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვი“ შოთა დოლიძემ გაიმარჯვა. ნომინაციის „საუკეთესო საჭადრაკო პარტიის გამარჯვებულს“, ეკონომიკის პროგრამის სტუდენტ რეზო გოგიტიძეს ბსუ-ს წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდმა სწავლა დაუფინანსა 375 ლარით.
შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, საჭადრაკო კლუბ ნონას მენეჯერმა, მწვრთნელმა, ტურნირის მთავარმა მსაჯმა მარიკა ჯაფარიძემ, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა იბრაიმ დიდმანიძემ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელმა მერაბ მეგრელიშვილმა და ზებურ ავალიანის შვილმა, ტურნირის სპონსორმა მუხრან ავალიანმა.
სპეციალური ფულადი პრიზები დააწესა ზებურ ავალიანის ოჯახმა:
I ადგილი - 300 ლარი
II ადგილი - 200 ლარი
III ადგილი - 100 ლარი
ფონდი „საძმო“ -100 ლარი
სერტიფიკატი - ტურნირში მონაწილეობისათვის
თასი - საჭადრაკო კლუბი ნონა;
ტურნირი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის „საჭადრაკო კლუბ ნონას“ ორგანიზებით გაიმართა.