12 ივნისი 2024 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2024 გაიმართა. სხვადასხვა ფაკულტეტის 300-მდე სტუდენტმა სამეცნიერო მოხსენება წარადგინა 28 სექციის მიმართულებით. სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეაფასებენ, ხოლო სექციის საპრიზო ადგილზე გასული მომხსენებლები დაჯილდოვდებიან. ასევე, კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ში ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა საფეხურისა და სპეციალობის სტუდენტს შეუძლია.
ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ-ს, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.