19 ოქტომბერი 2017 წელი
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უნივერსიტეტის სტუდენტთა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლის საძირკველს საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი. 200 მობინადრეზე გათვლილი სტუდენტთა საცხოვრებელი ბათუმში, ლეონიძის ქ. N15-ში აშენდება და მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი.
პროექტით, სტუდენტთა ახალი საერთო საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობის სამ სართულზე განთავსდება როგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო-საშრობი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელიც აღჭურვილი იქნება სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. აგრეთვე, პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი – თითო თითოეულ სართულზე. შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის.
მწვანე კონცხზე მდებარე სტუდენტთა ყოფილი საერთო საცხოვრებელი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. ამორტიზირებული შენობა, საერთო სარგებლობის სანიტარული კვანძებით და კვების ბლოკებით არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. აგრეთვე, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების არაცენტრალიზირებული სისტემა, ქალაქთან მოშორებული მდებარეობა და საქალაქო ტრანსპორტის არარსებობა ართულებდა სტუდენტთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და გადაადგილებას, რამაც განაპირობა ახალი საცხოვრებლის მშენებლობის დაწყება.
სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
2018 წლის გაზაფხულზე სტუდენტთა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტოსპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსის მშენებლობაც დაიწყება.