
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ფინანსური განათლების თემაზე სემინარი გაიმართა. სემინარში ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა: საბა ვარშანიძემ და საბა თურმანიძემ მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის სებ-ის ფუნქციების, მიმართულებებისა და საფინანსო სექტორის საქმიანობის უკეთ გაცნობა იყო. სემინარის ფარგლებში ჩატარდა სესიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა - ფინანსური ბაზრების სტაბილურობა, მომხმარებელთა უფლებები, ფინანსური რეზერვების მართვა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის რეგულირება და სხვა.
სტუდენტები ასევე გაეცნენ ქვეყანაში ძირითადი საგადასახადო სისტემების მუშაობის სპეციფიკას, ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირების დეტალებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს. სემინარს ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და ყოველი სესიის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე სპიკერებისთვის შეკითხვები დაესვათ.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა და მასში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
უკან |