ოსკარ უაილდის ლიტერატურული ზღაპრების ინტერტექსტუალურობა და მათი ენობრივ-კულტურული თავისებურებები. ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასისტენტ პროფესორი ნინო სამნიძე. სემინარი ჩატარდება 2018 წლის 29 ივნისს 10:00 საათზე ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის კაბინეტში (408).
სამეცნიერო სემინარი ეძღვნება ოსკარ უაილდის ლიტერატურული ზღაპრების ლინგვოკულტუროლოგიურ კვლევას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ბედნიერი უფლისწულისა და სხვა ზღაპრების მასალაზე დაყრდნობით. უაილდის პიესები და დორეან გრეის პორტრეტი საკმაოდ საფუძვლიანად არის შესწავლილი როგორც ლიტერატურათმცოდნეობითი ასევე ლინგვისტური კუთხით, მაგრამ თითქოსდა მხედველობიდან არის გამორჩენილი მისი შესანიშნავი ზღაპრები, რომლებიც თავისი ესთეტურ-ზნეობრივი მორალით პარადოქსულად აღიქმება მის ხსენებულ რომანთან და დრამატულ ნაწარმოებებთან მიმართებაში. როგორც უაილდის შემოქმედების თანამედროვე მკვლევარები ქუინტი, დალარნა, სტარკი, უინგარდი და სხვები აღნიშნავენ, კრიტიკოსები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ მისი ქმნილებების ესთეტიკურ, სატანისტურ და დეკადანსურ მახასიათებლებზე, ჰომოსექსუალურ თუ სხვა ტიპის ფარულ იმპულსებზე, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად თუ ეხებიან მის ზღაპრებს და თითქმის იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ მათში უაილდი წარმოგვიდგება სრულიად განსხვავებული და სხვებისთვის დაფარული თუმცა ნამდვილი სახით - როგორც ვიქტორიანული ეპოქის ჯენტლმენი, რომელიც თავის მოვალეობად თვლის ზნეობის ქადაგებას.
სრულად