სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „სსსმ მოსწავლეთა წარმატებული ინკლუზიის ხელშეწყობა სწავლების უნივერსალური დიზაინის ძირითადი პრინციპების გამოყენებით“ (2021-2022 სასწავლო წელს ბათუმის №15 საჯარო სკოლაში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის ანგარიში) მომხსენებლები: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ნანა მაკარაძე, ნანი მამულაძე, მარინე გურგენიძე. სემინარი ჩატარდება 28 ივლისს, 11:00 საათზე, აუდიტორია № 56

სსსმ მოსწავლეთა წარმატებული ინკლუზიის ხელშეწყობა სწავლების უნივერსალური დიზაინის ძირითადი პრინციპების გამოყენებით“ (2021-2022 სასწავლო წელს ბათუმის №15 საჯარო სკოლაში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის ანგარიში)

აბსტრაქტი

თითოეული მოსწავლე უნიკალურია ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებ­ლე­ბით, ემოციებით, ინტერესებით, გამოცდილებით, უნარ-ჩვევებით,  სწავლის ტემპით, სტილით. უმნიშვნელოვანესია ყველა მათგანის არა მხოლოდ ინკლუზია სასწავლო პროცესში, არამედ ძლიერი და სუსტი მხარეების მიუხედავად, მიღწეული ცოდნისა და კომპეტენციების ოპტიმალურად განვითარება და წარმატების მიღწევაში ხელშეწყობა.

ინკლუზიური განათლება უკვე რამდენიმე წელია დაინერგა სკოლებში, თუმცა არსებული ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასწავლო პროცესში სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეების სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, შესაძლებლობების ოპტიმალურად განვითა­რებისა და წარმატების მიღწევისთვის სწავლის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა დღემდე გამოწვევად რჩება. 

პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა უნივერსალური დიზაინის პრინცი­პების გათვალისწინებით სასწავლო გარემოს და პროცესის ორგანი­ზება/გან­ხორ­ციელება, რადგან გათვალისწინება UDL-ის უმთავრესი მოთხოვნისა -  მოსწავ­ლის­თვის რელევანტური სასწავლო მეთოდების, რესურსების და შეფასების სისტემის გამო­ყენება - სწავლებას მისაწვდომს ხდის არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველა აღსაზრდელისათვის.

სწავლების უნივერსალური დიზაინის ძირითადი პრინციპების გამოყენებით სსსმ მოსწავლეთა წარმატებული ინკლუზიის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველ­ყოფის მიზნით, „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში ბსუ-ს აკადემიური პერსონალის - პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებუ­ლი პროფესორების მარინე გურგენიძის, ნანი მამულაძისა და ნანა მაკარაძის მიერ ბათუმის №15 საჯარო სკოლაში ჩატარდა პრაქტიკის კვლევა. კვლევაში მონაწილეობ­დნენ, ასევე ბსუ-ს სტუდენტები მელანო ანანიძე, გიორგი მოსიძე, თამარ სურგულაძე და ანანო დიასამიძე, ბათუმის №15 საჯარო სკოლის წარმომადგენლები - დირექტორი - ნინო მოდებაძე, მასწავლებელი  ზეინაბ შავაძე  და სპეც. მასწავლებელი ციალა ტარიელაძე.

 

კვლევის მიზანი იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი კლასის სხვა­და­სხვა საჭიროების მოსწავლეთა წარმატებული ინკლუზიის შეფასება, პრობლემების გამოვლენა, შესაბამისი ეფექტიანი სტრატეგიების შერჩევა და  დანერგვის ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის №15 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები (მსუბუქი ინტელექტუალური დარღვევით, აუტისტური სპექტრის აშლი­ლობით და უცხოენოვანი).

 

კვლევის ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა საკვლევი კითხვები:

  1. იძლევა თუ არა სასკოლო გარემო სხვადასხვა საჭიროების მოსწავლის ინკლუზიის შესაძლებლობას?
  2. სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობები, გამოყენებული რესურ­სები აძლევს თუ არა წარმატების მიღწევის თანაბარ შესაძლებლობას ყველა მოსწავ­ლეს სპეციფიკური ძლიერი და სუსტი მხარეების მიუხედავად?
  3. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასკოლო გარე­მოსა და სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყო­ფი­ლება და განვითრების ხელშეწყობა?          

ჩამოყალიბდა კვლევის მეთოდოლოგია - ანკეტური გამოკითხვა, ფოკუს-ჯგუფი, ჩაღრმავებული ინტერვიუ, დაკვირვება, მონაცემთა ანალიზი) და კვლევის ინსტრუმენტები - ანკეტა მასწავლებლებისთვის, ანკეტა მშობლებისთვის, ინტერვიუს კითხვარი (ფოკუს-ჯგუფისთვის და ინდივიდუალური ინტერვიუებისთვის), გარემოს ადაპტაციის, რესურსების, სასწავლო გეგმების შეფასების კითხვარი, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასების რუბრიკები, დაკვირვება აქტივობებზე, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა  (მათ შორის სსსმ პირის) ჩართულობასა და მოსწავლეთა განწყობაზე (სწავლისადმი დამოკიდებულებაზე).

კვლევა ჩატარდა 3 ეტაპად.

 

თავდაპირველად განისაზღვრა დიაგნოსტიკური კვლევის ეტაპები:

  • ლიტერატურისა და არსებული გამოცდილების ანალიზი;
  • რაოდენობრივი კვლევისთვის კითხვარების შედგენა;
  • გამოკითხვების ჩატარება;
  • რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი;
  • თვისებრივი კვლევისთვის კითხვარების შედგენა;
  • ფოკუს-ჯგუფებში  და ინდივიდუალური ინტერვიუების ჩატარება;
  • თვისებრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი;
  • დაკვირვების განხორციელება;
  • ანალიზი;
  • რესურსების, სასწავლო გეგმების, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ანალიზი
  • სასტარტო ვითარების განსაზღვრა.

მეორე ეტაპზე ჩამოყალიბდა ინტერვენციის საფეხურები:

  1. სასტარტო ვითარების ანალიზი;
  2. აუცილებელი ცვლილებების განსაზღვრა;
  3. შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა;
  4. ინტერვენციის ეტაპობრივად განხორციელება;
  5. შუალედური შედეგების შეფასება, ანალიზი; საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების დაგეგმვა/განხორციელება;
  6. დაკვირვება;
  7. შედეგების შეჯამება;

ბოლოს შემუშავდა ინტერვენციის შემდგომი კვლევის ეტაპები:

  • დაკვირვების შედეგების ანალიზი;
  • რაოდენობრივი კვლევისთვის კითხვარების შემუშავება;
  • გამოკითხვების ჩატარება;
  • რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი;
  • თვისებრივი კვლევისთვის კითხვარების შემუშავება;
  • ინტერვიუების ჩატარება;
  • თვისებრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი;
  • ძირითადი მიგნებების აღწერა;
  • დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, კვლევის ჯგუფმა შემდეგი დასკვნა გააკეთა: სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის საჭიროებების, თანაბარი ჩართულობის  გათვალისწინებით განხორციელებული ცალკეული აქტივობა და გამოყენებული რესურსები, ცოდნის/უნარების მრავალფეროვანი საშუალებებით  დემონსტრირების შესაძლებლობები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, პოზიტიურ დამოკიდებულებას, სწავლისადმი ინტერესს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი; ჟანა კვაჭაძე; რუსუდან ლორთქიფანიძე; ნათია გაჩეჩილაძე, „სასწავლო აქტივობები ყველასათვის“, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის; 2019;
  2. შორენა ტყეშელაშვილი, სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან; გზამკვლევი განკუთვნილია პედაგოგებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის. გზამკვლევი მომზადებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის" „ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის" ქვეპროგრამის ფარგლებში. 2021 წელი. http://inclusion.ge/res/docs/2021063011383627091.06.21.pdf
  1. ეკატერინე კორძაძე ჟანა კვაჭაძე; სასწავლო აქტივობები ყველასათვის; სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში I-VI ინკლუზიური განათლება მათემატიკა; გზამკვლევი მასწავლებლებისთვის; http://inclusion.ge/res/docs/2019051614203534690.pdf
  2. ცირა ბარქაია, თანაავტორები: ანა ჯანელიძე და ნინო ჯიჯავაძე, სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი: თამთა კუხალეიშვილი; ადრეული ინკლუზიური განათლება, საფუძვლები, ©გაეროს ბავშვთა ფონდი 2019; https://www.unicef.org/georgia/media/3021/file/ინკლუზიური%20ადრეული%20განათლება.pdf
  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა