ფული ყველაზე უტყუარი დოკუმენტი და ისტორიული ძეგლია, რომელიც მოგვითხრობს ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნის მმართველები მკაცრად აკონტროლებდნენ მონეტების დამზადების პროცესს, ერთის მხრივ მონეტების ხარისხისა და ღირებულების უზრუნველყოფის, და მეორეს მხრივ, ფულის გაყალბების (ანუ ფალსიფიკაციის) თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული საკითხი მწვავედ იდგა ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან. ყალბი ფულის დამზადებამ დიდი გასაქანი ჰპოვა მე-20 საუკუნეში.
ჩვენი საკვლევი თემა შეეხება ყალბი ფულის საქმეს ბათუმში. ფულადი მიმოქცევის კვლევა XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისის ბათუმში, აქტუალური საკითხია, რადგან მჭიდროდაა დაკავშირებული აქ მიმდინარე გლობალურ ისტორიულ პროცესებთან. XIX ს-ის II ნახევრის რუსეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ფულადი ნიშნების მრავალფეროვნება დაკავშირებული უნდა იყოს ბათუმის, როგორც სავაჭრო-სატრანზიტო ქალაქის ფუნქციასთან, რაც კიდევ უფრო გაიზარდა ბრიტანელთა ინიციატივით ქალაქის ერთი ნაწილის პორტო-ფრანკოდ გამოცხადების შემდეგ. 1878-1886 წწ-ში ბათუმში უბაჟო (თავისუფალი) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეჟიმი ფუნქციონირებდა. აქ შემოდიოდა რუსეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, ოსმალეთის, ირანის, ინგლისის, ავსტრია-უნგრეთის, საბერძნეთის, გერმანიის გემები. სავაჭრო ურთიერთობებს მოჰყვებოდა ამ ქვეყნების ფულადი ნიშნების შემოდინებაც.
სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების, კაპიტალისტური წარმოების განვითარებამ და ვაჭრობის გაფართოებამ ყალბი ფულის მიმოქცევისთვის შესაფერისი გარემო შექმნა. არქივში მოვიპოვეთ დოკუმენტები აჭარაში ყალბი ფულის შემოსვლასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ყალბი ფულის ტრიალი ხშირი მოვლენა იყო.
აჭარის საარქივო სამმართველოს მასალებში დაცულია დოკუმენტები გრიფით: საიდუმლოდ (ფონ. ი-13, ანაწ. 2, საქმე 3, ფ. 2, 4, 6; ფონ. ი-13, ანაწ. 2, საქმე 4, ფ. 10, 12-13), სადაც მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა ღირებულების მქონე (3, 5, 25 რუბლი), ყალბი საკრედიტო ბარათების შესახებ, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ყველა კუპიურა. გარდა უცხოეთიდან შემოსული ბანკნოტებისა, ყალბი ფული იბეჭდებოდა ქვეყანაშიც. საარქივო დოკუმენტაციამ გამოკვეთა ყალბი ფულის საქმე ბათუმში (ფონ.ი-1; ანაწ.1; საქ. 344).
კერძოდ, ბარცხანა-ორთაბათუმში 1908 წელს ყალბი ფულის საამქრო მოქმედებდა, აქ მოჭრილი ფული იმერეთის რეგიონში წარმატებით მიმოიქცეოდა. დოკუმენტებში მოცემულია დეტალები ყალბი ფულის მომჭრელების საქმიანობის, დაკავებისა და დასჯის შესახებ.
უკან |