უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტის "მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ ეგიდით ინტერკულტურული ღონისძიება „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ჩატარდა. საღამოზე ბსუ-ს ქართველმა, თურქმა, სომეხმა, რუსმა და აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა საკუთარი ქვეყნების კულტურა და მულტიკულტურულ მახასიათებლები წარმოადგინეს. პროექტს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნას.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მომავალი პედაგოგების მომზადებას მაღალი მულტიკულტურული პასუხისმგებლობით, მრავალეროვანი კლასის მართვისა და სწავლების უნარებით. პროექტის განხორციელების შემდეგ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებში აისახება ინტერკულტურული ასპექტები. ასევე შეიქმნება და დაინერგება მულტიკულტურული განათლების სამი სასწავლო კურსი საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
ინტერკულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ქართველმა და თურქმა მოსწავლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა შემოქმედებით ნომერთან ერთად ინგლისურენოვანი სპექტაკლი წარმოადგინეს.
უკან |