გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს-ის (ASB) ეგიდით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ,,ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისათვის“ განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის შემუშავდა და დაინერგა ახალი სასწავლო კურსი ,,კატასტროფების რისკების შემცირება ინკლუზიური მიდგომით“, თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი და ბსუ-ს ბიბლიოთეკაში გაიხსნა საგანმანათლებლო მასალით აღჭურვილი რესურსცენტრი. ASB-ს პროექტების შეფასების ჯგუფი და პროექტ ,,ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისათვის“ კოორდინატორი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. ღონისძიების მიზანი იყო ახლად დანერგილი სასწავლო კურსის ეფექტიანობის შეფასება და საგანმანათლებლო რესურსების მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგი.
პროექტის კოორდინატორმა ბიბლიოთეკის რესურსცენტრს გადასცა სახელმძღვანელოები, გზამკვლევი და სხვადასხვა სახის პოსტერები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წლიდან ჩართულია ევროკომისიის ჰუმანიტარულ მისიის კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამაში. პროგრამის მიზანია კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში.
უკან |