საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს მამია გოგოლიშვილის 100 წლის იუბილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სახელობის აუდიტორია გაიხსნა და საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა, კოლეგებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მის ღვაწლსა და მიღწევებზე ისაუბრეს. აკადემიკოსმა მამია გოგოლიშვილმა ნაყოფიერი საზოგადოებრივი და მეცნიერულ-პედაგოგიური გზა განვლო. ცნობილი მეცნიერი ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგან ცხრა მონოგრაფიაა.
აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი დაიბადა 1914 წლის 16 ოქტომბერს ქობულეთის მაზრის სოფელ ბობოყვათში. 1924 წელს დაამთავრა ბობოყვათის დაწყებითი სკოლა და სწავლა განაგრძო ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში. ცნობილმა მეცნიერმა საშუალო-ტექნიკური განათლება მეტყევის სპეციალობით ყვარელში მიიღო, 1933 წელიდან საქართველოს სატყეო ინსტიტუტის სტუდენტია.
ინსტიტუტში სწავლის პირველივე წლებიდან მამია გოგოლიშვილი აქტიურად ებმება ახალგაზრდულ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მეხუთე კურსის სტუდენტი აჭარის საბჭოთა მეურნეობის ტრესტის მმართველად დანიშნეს. 23 წლის ასაკში ავტონომიური რესპუბლიკის მიწათმოქმედების კომისარი ხდება, 1947 წელს - აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების გარდა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა განათლებას, კულტურას და ქართული ტრადიციების აღდგენას. თავს მოხვეული უცხო წეს-ჩვეულება და საერთოდ, ბევრი უცხო ტოპონიმი იყო შესაცვლელი. მალე აღდგა ქართული გვარები, სახელები და სახელწოდებები, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატე ცინცაძემ, მამია გოგოლიშვილი ღვაწლმოსილ მამულიშვილად შერაცხა.
აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბათუმის კათოლიკური ეკლესიისა და სხვა უნიკალური არქიტექტურული ძეგლების გადარჩენას, ამ დროს აიგო ბათუმის ზღვისპირა პარკში საზაფხულო თეატრი.
1953 წლიდან აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს ჩაუდგა სათავეში. იგი ჩვეული ენერგიით აგრძელებს სამეცნიერო მუშობას მცენარეთა ინტროდუქციისა და ციტრუსოვანი კულტურების აგროტექნიკაში. ზრუნავს ბოტანიკური ბაღის კოლექციის გამდიდრების, სამეცნიერო კვლევა-ძიების პრობლემატიკის გაფართოებისათვის. ცენტრალური ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, ამიერკავკასიის რეგიონალურ ორგანიზაციას აყალიბებს. მისი უშუალო ინიციატივითა იქმნება ამიერკავკასიის ბოტანიკური ბაღების საბჭო, რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. ტარდება ერთობლივი ექსპედიციები სხვადასხვა ქვეყანაში მცენარეთა ინტროდუქციისათვის. ეწყობა ყოველწლიური სამეცნიერო სესიები, როგორც ამიერკავკასიის რესპუბლიკების დედაქალაქების, ისე სხვა ბოტანიკურ ბაღებში.
აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი 1961 წელს იცავს სადოქტორო დისერტაციას, ხოლო 1963 წელს ანიჭებენ პროფესორის წოდებას. მან დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა კადრების აღზრდაში. წლების მანძილზე იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე. მის მიერ მომზადებულია 20-ზე მეტი მეცნიერების კანდიდატი და დოქტორი. საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებისათვის, ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა აღზრდისა და ბიოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის 1979 წელს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა.
ცნობილი მეცნიერი 34 წელი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ბოტანიკური ბაღების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სამი ათეული წელი - ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრი. აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი რამოდენიმეჯერ იყო არჩეული საკავშირო უმაღლესი საბჭოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. ატარებდა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებას.
მისი უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით 1990 წელს დაარსდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის საკოორდინაციო ცენტრი, რომლის თავმჯდომარედ წლების განმავლობაში მუშაობდა. 1994 წელს გახსნილ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი აირჩიეს სუბტროპიკული კულტურების კათედრის გამგედ და კითხულობდა ლექციების კურსს სუბტროპიკულ მემცენარეობაში.
საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის განკარგულებით აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით და ამავე წელს იგი შეიყვანეს მე-20 საუკუნის გამოჩენილ პიროვნებათა სიაში.