გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ლალი კალანდაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: პროფ. ნუგზარ ღომიძე, ასოც. პროფ. ომარ ნაკაშიძე, ასოც პროფ. იზოლდა ჯაბნიძე, ასისტ. პროფ. მირანდა ხაჯიშვილი, დოქტორი კახა მახარაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2025-2027
პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები:
პროექტის ძირითადი მიზანია მაგნიტური ნანოკომპოზიტური, მრავალმესერიანი სტრუქტურების მაგნიტოოპტიკური თვისებების კომპლექსური შესწავლისათვის სპინტრონიკაში, ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის მაგნიტოოპტიკური მეთოდების დანერგვა. ამ სტრუქტურებისათვის ელექტრომაგნიტური ტალღის ფართო დიაპაზონში, ინფრაწითელი უბნიდან ულტრაიისფერი უბნის ჩათვლით, ოპტიკური და მაგნიტო-ოპტიკური თვისებების კომპლექსური შესწავლა.
კვლევის ამოცანებია:
- კერის მაგნიტო-ოპტიკური ეფექტის სპექტრალური დამოკიდებულებების გაზომვისათვის მაგნიტო-ოპტიკური კვლევის ექსპერიმენტული დანადგარის აგება;
- ეფექტური გარემოს მაქსველ-გარნეტისა და ბრიუგგემანის განზოგადებული მოდელების მოდერნიზება ნანოდისპერსული სტრუქტურების მაგნიტოოპტიკური თვისებების აღწერისთვის;
- მოდერნიზებული ეფექტური გარემოს თეორიული მოდელის მიხედვით ჩატარებული გამოთვლებისა და არსებულ პუბლიკაციებში შესაბამისი ექსპერიმენტული მონაცემების შედეგების შედარებითი ანალიზი ნიმუშის მაგნიტო-ოპტიკურ თვისებებზე სხვადასხვა პარამეტრების ( მაგნიტური ნაწილაკის ზომა, ფორმა, მოცულობითი შევსების კოეფიციენტი, არამაგნიტური მატრიცა) გავლენის დასადგენად;
- ოპტიკური და მაგნიტო-ოპტიკური გაზომვების შედეგად ნანოკომპოზიტური მაგნიტური სტრუქტურების დიელექტრიკული შეღწევადობის ტენზორის კომპონენტების გამოთვლა; ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა;
- მიღებული თეორიული და ექსპერიმენტული შედეგების კორელაციის განსაზღვრა მოდერნიზებული ეფექტური გარემოს თეორიის ვალიდურობის შეფასებისთვის;
- მიღებული თეორიული და ექსპერიმენტული მონაცემების განზოგადება და მის საფუძველზე ახალი ბუნებრივი თუ ხელოვნურად მიღებული მაგნიტური სტრუქტურების მაგნიტო-ოპტიკური პარამეტრების შეფასება სპინტრონიკაში გამოყენების პერსპექტივით.
მოსალოდნელი შედეგები:
ბ)პროექტის დასრულების შედეგად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება მაგნიტური მოვლენების ფიზიკის მიმართულებით თანამედროვე ტიპის, ფუნდამენტური კვლევებისათვის განკუთვნილი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია. ლაბორატორია, სადაც პროექტის ფარგლებში შესრულდება ოპტიკური და მაგნიტოოპტიკური მეთოდების გამოყენებით ექსპერიმენტული და თეორიული კვლევები და სამომავლოდ, აგრეთვე, შესაძლებელი იქნება ამ მეთოდების გამოყენება მაგნიტოაქტიური სტრუქტურებისა და პერსპექტიულ მასალათა ოპტიკური, მაგნიტური და მაგნიტოოპტიკური თვისებების შესწავლისათვის. პროექტის შედეგები უნიკალური იქნება, რადგან ის საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ახალი და სრულყოფილი ცოდნა არაერთგვაროვანი მაგნიტური სტრუქტურების ფუნდამენტური კვლევის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში შესრულებული ფუნდამენტური კვლევები შეიძლება გახდეს საფუძველი გამოყენებითი კვლევებისა, რომლებიც მიმართული იქნება ტექნოლოგიის, ტექნიკისა და მედიცინის სრულყოფისა და განვითარებისაკენ.
პროექტი ხელს შეუწყობს:
- სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას პროექტის მიმართულებით;
- სემინარებისა და ღია ლექციების მოწყობას სპინტრონიკა-ფოტონიკის მიმართულებით;
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე მონაწილეობას;
- საზაფხულო სკოლების მოწყობას მაგნიტური მოვლენების ფიზიკის მიმართულებით;
- ხელს შეუწყობს გაცვლითი პროგრამების ამუშავებას სტუდენტებისა და სამეცნიერო პერსონალისათვის;
- ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ერთობლივი კვლევების ჩატარებას და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას საქართველოს და საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს წარმოდგენილი პროექტის თემატიკის ფარგლებში;
პროექტის ფარგლებში შესრულებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები არის მნიშვნელოვანი როგორც სპინტრონიკის, ასევე სპინ-ორბიტრონიკის მიმართულებებისთვისაც, კერძოდ, მნიშვნელოვანია მაგნიტო-ოპტიკური თვისებების შესწავლა ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა: ტოპოლოგიური ინსულატორები, მაგნიტური სკირმიონები ან ძიალოშინსკი-მორიას დომენები. დღევანდელი მონაცემებით, შესაძლებელია ვიგულისხმოთ, რომ ამ მიმართულებით მომავლის ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწება და აამაღლებს კაცობრიობის სიცოცხლის ხარისხს, ვინაიდან მისი გამოყენება და შემდგომი განვითარება არის ბიონანოტექნოლოგიების სფერო. ასევე, მაგნიტოოპტიკური კვლევები სამომავლოდ საფუძველს ჩაუყრის სპინ-ფოტონიკის მიმართულებას.
უკან |