გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: გურამ ჩხატარაშვილი (ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი)
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: თენგიზ მეშველიანი, მაია ჭიჭინაძე, ქეთევან ესაკია (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2025-2028 წწ.
პროექტის მოკლე აბსტრაქტი:
საქართველოში ქვის ხანის ძეგლების კვლევა-ძიების საქმეს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც XIX ს-ის 80-იანი წლებიდან იწყება. დღევანდელ დღემდე აღმოჩენილი და შესწავლილია რამდენიმე ასეული ძეგლი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ღია ნამოსახლარებისა და მღვიმეების სახით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტეროტორიაზე მღვიმეების კლასიკურ რეგიონად ითვლება იმერეთის რეგიონი, კერძოდ რიონ-ყვირილას აუზი, სადაც გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ უმნიშვნელოვანესი სამუშაოები ჩატარდა. ინტერდისციპლინური კვლევების ფარგლებში სპეციალური შესწავლის საგანი გახდა ქვის ინდუსტრია, ფაუნისტური მასალა, პალეოგარემო, მიგრაციები, გენეტიკა და სხვ.
სამწუხაროდ, სრულიად საპირისპირო ვითარებაა დასავლეთ საქართველოს მეორე რეგიონში - აჭარაში, სადაც ქვის ხანის ძეგლები მხოლოდ ღია ნამოსახლარების სახითაა წარმოდგენილი. განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობისა (სუბტროპიკული ზონა) და ნიადაგის თავისებურების გამო, არც ერთ ძეგლზე არაა შემორჩენილი ფაუნისტური მასალა, მცირე ინფორმაცია გვაქვს უძველეს პალეოგარემოზე და სხვ. უკანასკნელ პერიოდში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 33 წლიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, განახლდა აჭარის პრეისტორიული ძეგლების კვლევა-ძიება. მიღებულია აბსოლუტური თარიღების სერია, გვაქვს პალინოლოგიური მონაცემებიც, სიახლეა ადამიანთა მობილურობაზე (ჩანს ობსიდიანის სხვადასხვა წყაროების არსებობა) და სხვ. თუმცა, უძველესი პალეოგარემოს რეკონსტრუქციისთვის და იმდროინდელი ადამიანის ყოფის აღსადგენად ინტერდისციპლინური კვლევებია ჩასატარებელი.
წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ორი განსხვავებული რეგიონის გვიანპლეისტოცენ-ადრეჰოლოცენის ხანის ძეგლთა არსებული და ახალი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება-ანალიზს, მათი საერთო და/ან განმასხვავებელი ნიშნების მითითებით. ვფიქრობთ, რომ ერთ რეგიონში არსებული ფაუნისტური მასალის მონაცემები, უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგები და მათი ანალიზი დაგვეხმარება, შეძლებისდაგვარად, აღვადგინოთ იმ პერიოდის აჭარის რეგიონში არსებული პალეოგარემო.
პროექტის მიზნები და ამოცანები:
● საველე არქეოლოგიური გათხრების წარმოება სოფ. ქობულეთის და ხუცუბნის ნამოსახლარზე.
- არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდება სტანდარტული მეთოდით. შესასწავლი ფართობი დაკვადრატდება (1×1 მ). ყველა არტეფაქტს მიეცემა თავისი საინვენტარო ნომერი და გატარდება საველე დავთარში. In Situ მდგომარეობაში აღმოჩენილი არტეფაქტი დაფიქსირდება საერთო გეგმაზე სიღრმეების მითითებით. გათხრების პარალელურად გასუფთავდება ჭრილები, რომელიც პარალელურად ჩაიხატება და დაფიქსირდება სტრატიგრაფია. პრეპარირებული ნიადაგი გაიცრება და გაირეცხება ლითონის ბადეში (1×1 მმ). ექსპედიციაში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები, მუზეუმის თანამშრომლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვ.
● ძეგლის ქრონოლოგიის განსაზღვრა, რომელიც გამყარებული იქნება რადიოკარბონული აბსოლუტური თარიღებით.
- ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნება რადიოკარბონული (AMS MICADAS) მეთოდი, რომელიც მოგვცემს აბსოლუტური თარიღებს. დაგეგმილია 10 ნიმუშის ჩატარება, რომელიც შესრულდება გრონინგენის უნივერსიტეტში.
● ქვის ინვენატრის კომპლექსური ანალიზი.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნება ორი მთავარი მეთოდი:
ა) ქვის კოლექციის შესწავლა მოხდება ჟ. ტიქსიეს (Tixie, 1974) და ჟ. პელეგრინის (Pelegrin, 2012) მიერ შემუშავებული ტიპოლოგიური მეთოდის გამოყენებით.
ბ) ქვის ინვენტარის ფუნქციონალურ-ტრასოლოგიური ანალიზი განხორციელდება ორ ეტაპად.
1) პირველი ეტაპი გულისხმობს არტეფაქტების ზედაპირის მიკროსკოპულ შესწავლას. იარაღის გამოყენების დროს მის ზედაპირზე, სავსებით კანონზომიერი, სხვადასხვა ტიპის კვალი რჩება (Семенов, 1957; Семенов, Коробкова, 1983), რომლის შესასწავლად გამოყენებული იქნება ბინოკულარული და მეტალოგრაფიული მიკროსკოპი (Olympus).
2) კვლევის მეორე ეტაპი მოიცავს არტეფაქტთა ფუნქციონალურ ანალიზს (Коробкова, 1987) კლასიფიკაციას დარგების მიხედვით და ჰისტოგრამების აგებას. ჩატარებული კვლევა საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ უძველესი ადამიანის ეკონომიკა, ძეგლის ფუნქცია, მისი გამოყენების ხანგრძლივობა და სხვ.
● აჭარისა და იმერეთის ძეგლების შესწავლის მიხედვით შესაძლებელი იქნება ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის კვლევა. ამასთან ერთად, შესაძლებელი გახდება დავადგინოთ, თუ რა როლი ითამაშა არქეოლოგიური ძეგლების კულტურულ და ტექნოლოგიურ ევოლუციაზე გარემოპირობებმა.
- აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად გამოყენებული იქნება შედეგი მეთოდოლოგია:
ა) პალეობოტანიკური კვლევები ჩატარდება საველე პირობებში. ქობულეთის და ხუცუბნის ნამოსახლარის თითოეული ფენიდან საანალიზოდ აღებული მიწის ფლოტაციის შედეგად აღებული პალეობოტანიკური ნიმუშები საბოლოოდ დამუშავდება ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში.
ბ) პალინოლოგიური ნიმუშების აღება მოხდება უშუალოდ სპეციალისტის მიერ როგორც კულტურული ფენებიდან და სამეურნეო ორმოებიდან, ისე შესასწავლი ძეგლის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ნიადაგიდან. ნიმუშების პალინოლოგიური კვლევის თანახმად, მიღებული მონაცემების ერთობლიობის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება იმ დროს არსებული გარემო პირობების აღდგენა და მისი შედარება დღევანდელ გარემოსთან.
გ) იმერეთის მღვიმურ ძეგლებზე ჩატარებული პალეონტოლოგიური კვლევების შედეგად აღდგენილი ცხოველთა სამყარო, მათი ზონალური და ქრონოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება აღვადგინოთ აჭარის რეგიონის თანადროული ცხოველთა სამყარო და ადამიანის სამონადირეო სტრატეგია.
● კვლევის შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში: კვლევის შედეგად მიღებული შედეგები სათანადო მეცნიერული დამუშავების შედეგად გამოქვეყნდება Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებში შემავალ ჟურნალებში (მაგ., Quaternary International; Journal of Archaeological Science; Archaeological Research in Asia; Journal of Archeological Science, Reports; Documenta Praehistorica და სხვ.), რაც საშუალებას მოგვცემს მსოფლიოს პრეისტორიული ეპოქის სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნული ინფორმაცია.
● კვლევით მიღებული შედეგების გავრცელება ფართო საზოგადოებაში: პროექტით განხორციელებული სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია გავრცელდება საჯარო მოხსენებებისა თუ პრეზენტაციების გზით (უნივერსიტეტში, მუზეუმებში, სკოლებში), ადგილობრივ თუ საზღვარგარეთ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის გზით, გამოყენებული იქნება მედია საშუალებები (ტელევიზია, რადიო, სოც. ქსელები). პროექტის შედეგების გავრცელებას ხელს შეუწყობს ქართულ და ინგლისურ ენაზე შექმნილი ორენოვანი მონოგრაფია.
მოსალოდნელი შედეგები:
ბუნებრივია, კავკასიის რეგიონის მონადირე-შემგროვებელთა პალეოგარემოზე, საქმიანობაზე და სხვ. საკითხებზე მუშაობის დროს, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნება უმნიშნელოვანესი ცოდნა, რაც ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის კარიერულ/პროფესიულ წინსვლას და სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარების მოპოვებას.
ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სხვა მეცნიერთა ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია მომავალი კადრების დაინტერესების კუთხით. კერძოდ, სიღრმისეული კვლევის შედეგად მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მომავალი კადრების მოზიდვას, ახალგაზრდების ინტერესის სტიმულირებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მათ ჩართვას. ამასთან, გაიზრდება ინტერესი პრეისტორიული არქეოლოგიის მიმართ, გაფართოვდება სფერო და კიდევ უფრო გაიზრდება ახალი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა. ბათუმის უნივერსიტეტი გააგრძელებს დასავლეთ საქართველოს პრეისტორიულ ძეგლებზე მუშაობას, სამეცნიერო და საგანმანათებლო ფუნქციების ინტეგრაციას, შეიქმნება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რაც, პერსპექტივაში შექმნის ორგანიზების და კოლაბორაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობებს, ხელი შეეწყობა რეგიონულ თანამშრომლობას ქვეყნის შიგნით, გაიზრდება საერთაშორისო ჩართულობაც.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა ინტერდისციპლინურია, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთად მონაწილეობენ. მისი შედეგები მნიშვნელოვანია არამარტო კავკასიის, არამედ ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის პრეისტორიაზე მომუშავე მკვლევრებისთვის. ამ უკანასკნელის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დასავლეთ საქართველოს გვიანპლეისტოცენურ-ადრეჰოლოცენის ხანის პალეოგარემოს, მეურნეობის, ქვის დამუშავების ტექნიკის, აბსოლუტური თარიღების და სხვ. მიხედვით.
მიღებული შედეგების მიხედვით, ეჭვგარეშეა, რომ გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის მიმართ ინტერესი. ამას ხელს შეუწყობს ჩვენი აქტიური თანამშრომლობა რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ტურისტულ ორგანიზაციებთან, სადაც მათ მიეწოდებათ საჭირო ინფორმაციები, უცხოელი ვიზიტორებისთვის ჩატარდება ტრენინგ-კურსები, შესაძლებელი იქნება მოხალისეების სტატუსით ვიზიტორების ჩართვა საველე არქეოლოგიურ გათხრებში და სხვ. სხვადასხვა გამოცდილებების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ მზარდმა ინტერესმა განაპირობა არაერთი ისტორიული ადგილის/ძეგლის მსოფლიო ატრაქციად გადაქცევა.
უკან |