სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება: კალციტონინის კვლევის ინტეგრაციის პერსპექტივა TI-RADS სისტემაში”
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი თამარ პეშკოვა
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:
ძირითადი შემსრულებელი: პროფესორი სალომე ღლონტი, ასოც. პროფესორი ირინა ნაკაშიძე
დამხმარე პერსონალი:
სტუდენტები- ანანო ვერძაძე, ნანა ლილუაშვილი, სევდა ბექაძე, სინგჰ ჯაჰანვი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2 წელი
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი პათოლოგიები მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ ცვლილებას, რომლის პრევალენტობა ზოგად პოპულაციაში აღწევს 50%-ს და ხშირ შემთხვევაში დიაგნოსტირდება შემთხვევით ულტრაბგერითი კვლევისას (Haugen et al., 2016; Russ et al., 2022). მიუხედავად იმისა, რომ კვანძების უმრავლესობა კეთილთვისებიანია, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მზარდი ინციდენტობა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად ზრდის ზუსტი და მიზნობრივი დიაგნოსტიკური მიდგომების საჭიროებას (Sung et al., 2021; Haddad et al., 2023). TI-RADS კლასიფიკაცია წარმოადგენს ულტრაბგერითი შეფასების სტანდარტს, რომელიც ამცირებს ბიოფსიის საჭიროების გაუმართლებელ დანიშვნას და ოპტიმიზაციას უკეთებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს (Tessler et al., 2017; Kwak et al., 2022). მიუხედავად ამისა, TI-RADS 3 და 4 კატეგორიებში დიაგნოსტიკა რჩება გამოწვევად – ავთვისებიანობის რისკი შუალედურია და ბიოფსიის საკითხი ხშირად საყურადღებოა (Grani et al., 2023; Kim et al., 2023).
კალციტონინი, როგორც მაღალი სპეციფიკურობის მქონე ბიომარკერი, ტრადიციულად გამოიყენება მედულარული კარცინომის სკრინინგისთვის (Pacini et al., 2021), თუმცა ბოლო მონაცემებით ის ასევე დაკავშირებულია არამედულარულ ავთვისებიან ცვლილებებთან (Trimboli et al., 2018; Suh et al., 2023). მისი ინტეგრაცია TI-RADS სისტემასთან შეიძლება წარმოადგენდეს დიაგნოსტიკური პროცესის სიზუსტის გაუმჯობესების პერსპექტიულ ინსტრუმენტს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტთა ჯგუფში, რომელთაც აქვთ შუალედური რისკის კვანძები. ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაში კალციტონინის განსაზღვრა უკვე ფართოდ დანერგილია, თუმცა მისი დიაგნოსტიკური ღირებულების გეოგრაფიული ვარიაციები საჭიროებს ლოკალურ ეპიდემიოლოგიურ შეფასებას (Elisei et al., 2023; NCCN Guidelines, 2024).
საქართველოში, კერძოდ აჭარის რეგიონში, სადაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადებები და ენდემური იოდდეფიციტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (Zimmermann et al., 2008; Abuduwali et al., 2023), კალციტონინის ინტეგრაციის შეფასება TI-RADS სისტემაში წარმოადგენს კლინიკურად, დიაგნოსტიკურად და პუბლიკაციურად აქტუალურ მიმართულებას.
კვლევის მიზანია კალციტონინის ინტეგრირება TI-RADS სისტემასთან, რათა შეფასდეს მისი დიაგნოსტიკური ღირებულება ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების ავთვისებიანობის პროგნოზირებისთვის.
კვლევის ამოცანები
- კალციტონინის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის შეფასება TI-RADS 3 და 4 კატეგორიის ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მქონე პაციენტებში.
- TI-RADS ულტრაბგერითი მახასიათებლებისა და კალციტონინის დონის კორელაციის შესწავლა, რათა შეფასდეს მისი დამატებითი ღირებულება დიაგნოსტიკურ პროცესში.
- კალციტონინის სენსიტიურობის, სპეციფიკურობისა და პროგნოზული მნიშვნელობების (PPV, NPV) განსაზღვრა სხვადასხვა რისკის ჯგუფებში.
- კალციტონინის ინტეგრაციის პოტენციალის შეფასება TI-RADS სისტემაში, რაც შეიძლება დაეხმაროს ბიოფსიის საჭიროების უფრო მიზნობრივ განსაზღვრას.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კვლევა ხელს შეუწყობს TI-RADS კლასიფიკაციისა და კალციტონინის დონის კომბინირებული შეფასების ეფექტიანობის განსაზღვრას, რაც დიაგნოსტიკური გაურკვევლობის შემცირებას და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. TI-RADS 3-4 კატეგორიის პაციენტებში ბიოფსიის აუცილებლობის გადახედვა შესაძლოა დაეხმაროს ზედმეტი ინვაზიური ჩარევების თავიდან აცილებას, ხოლო უფრო მაღალი რისკის შემთხვევებში – ავთვისებიანი პროცესების დროულ გამოვლენას.
კვლევის მონაცემები შექმნის ლოკალურ დიაგნოსტიკურ ზღვრებს საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც ამ დრომდე არ არის სტანდარტიზებული და ხელს შეუწყობს კალციტონინის სენსიტიურობისა და სპეციფიურობის უფრო ზუსტ შეფასებას. კვლევის შედეგები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული ონკოლოგიური სკრინინგის პროგრამაში ცვლილებების განხილვას, რაც შესაძლებელს გახდის თირეოგლობულინის ნაცვლად კალციტონინის კვლევის მიზანშეწონილობის შეფასებას. ეს, თავის მხრივ, შეიძლება ხელს უწყობდეს დიაგნოსტიკური პროცესის ხარჯ-ეფექტიანობის გაუმჯობესებას, დიაგნოსტიკური რესურსების უფრო მიზნობრივ განაწილებას და არამიზნობრივი ლაბორატორიული ხარჯების შემცირებას.
უკან |