სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე“
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი თამარ ფოლადაშვილი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ნათია წიკლაშვილი, სტუდენტები: გვანცა ზოიძე, სოფიკო კაკალაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 02.04.2025 - 15.12.2026
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
უმაღლესი განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეკონომიკური თეორიები, მათ შორის ადამიანური კაპიტალის თეორია, ხაზგასმით აღნიშნას, რომ განათლების ხელმისაწვდომობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ინდივიდების შემოსავალს (შლუტცი, 1961; მინსერი, 1974). მიუხედავად ამისა, უმაღლესი განათლების მიღება მრავალ ქვეყანაში დაკავშირებულია სოციალურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობასთან, რაც ძირითადად უკავშირდება საოჯახო მეურნეობების შეზღუდულ ფინანსური რესურსებს, სოციალური ფენების უთანასწორობას და განათლების პოლიტიკის ხარვეზებს (ქუადლინი., 2024).
განათლების ეკონომიკა, გვიჩვენებს, რომ საოჯახო მეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სტუდენტების განათლების ხარისხზე და სამომავლოდ, მისი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივებზე (წიკლაშვილი, ფოლადაშვილი, 2024).
საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ განათლების სექტორში 2004 წლიდან ძირეული რეფორმები განხორციელდა, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩბეა. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის (World Bank, 2020). სამეცნიერო ლიტერატურისა და ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ სტუდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ იღებს საჭირო ფინანსურ დახმარებას, ხოლო სახელმწიფო გრანტებს მხოლოდ სასწავლო ხარჯების დაფარვის მიზნით გასცემს. აღნიშნული პრობლემები, მხოლოდ ნაწილია იმ კომპლექსური საკითხისა, რაც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის არაერთგვაროვან შესაძლებლობებს ქმნის სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფენის წარმომადგენლებისთვის.
კვლევის მიზანი:
წინამდებარე კვლევის მიზანია გაანალიზოს ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გავლენა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე, მათ შორის ოჯახური მეურნეობების შემოსავლების დონე, სწავლის საფასური და ფინანსური მხარდაჭრის მექანიზმები (გრანტები, სტიპენდიები, სასწავლო სესხები და სხვა).
კვლევის ამოცანები:
- შეისწავლოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე ეკონომიკური ფაქტორების გავლენა; განათლების მიღების ფინანსური ტვირთის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები;
- გაანალიზოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები: გრანტები, სტიპენდიები, სასწავლო სესხები და სხვა;
- გამოავლენოს ის სოციალური ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ გავლენა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე (მშობლების განათლების დონე; სოციალური კაპიტალი, გენდერული უთანასწორობა და სხვ.);
- მოამზადოს შესაბამის რეკომენდაციები, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს და მათ მშობლებს უკეთ დაგეგმონ უმაღლესი განათლების მიღების გზები და შეამცირონ ფინანსური რისკები; ხოლო განათლების პოლიტიკის შემქმნელებს, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და ხელი შეუწყონ უმაღლესი განათების ხელმისაწვდომობას ყველა სოციალური ფენისთვის.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კვლევის მეცნიერული სიახლე:
- კვლევა წარმოადგენს პირველ მეცნიერულ მცდელობას აღმოიფხვრას ლიტერატურული დანაკლისი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის დისკურსში, ამასთან კვლევა ორიენტირებული იქნება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
- პროექტი მოიცავს რამდენიმე ინტერდისციპლინურ მიდგომას - კვლევ აერთიანებს ეკონომიკის, განათლების, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების პერსპექტივებს, რაც საშუალებას იძლევა მრავალი წახნაგიდან იქნეს შეფასებული ეკონომიკური ბარიერები განათლებაზე წვდომის თვალსაზრისით.
- განსხვავებით აღწერითი ხასიათის კვლევებისა, რაოდენობრივი კვლევის გამოყენებით წარიმართება რეგრესული და კორელაციური ფაქტორების ანალიზი, რაც მოგვცემს საშუალებას შევაფასოთ არსებობს თუ არა კავშირი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომას შორის.
- თვისებრივი კვლევის კონტექსტში დამუშავდება უმაღლესი განათლების მენეჯერების მიდგომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
- კვლევაში შეფასდება სახელმწიფო გრანტების, სტუდენტური სესხებისა და უნივერსიტეტების დაფინანსების პოლიტიკის ეფექტიანობა, როგორც უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელიშემწყობი ინსტრუმენტები.
კვლევა შეიმუშავებს კონკრეტულ დასკვნებსა და რეკომენდაციების უმაღლესი განათლების პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის, რაც საბოლოო ჯამში დაეხმარება როგორც ინდივიდებს, რომ გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე, ასევე განათლების სისტემას უფრო ინკლუზიუდი და ეკონომიკურად მდგრადი მოდელის ჩაოყალიბებაში.
უკან |