სამეცნიერო კვლევები

თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები მაღალმთიან რეგიონებში, მათი დაძლევის გზები (აჭარის ა.რ მაგალითზე)

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები მაღალმთიან რეგიონებში,  მათი დაძლევის გზები  (აჭარის ა.რ მაგალითზე)

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  მურმან ცეცხლაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ნათელა წიკლაშვილი, ვაჟა ვერულიძე, გიორგი აბუსელიძე, ნატალია რობიტაშვილი, ბესიკ ბაუჩაძე, რამინი ცინარიძე,

ლეილა ცეცხლაძე, დავით ქათამაძე, გულიკო ქათამაძე, ნატო ჯაბნიძე, ია მესხიძე,

იმზე სურმანიძე, თამილა თურმანიძე, თამარ ფოლადაშვილი, ზეინაბ სურმანიძე,

ლაშა ბერიძე, ლია ბერიძე, ნინო კონცელიძე, გიორგი რიჟვაძე, როსტომ შამანაძე.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2025 წლის 2 აპრილიდან 2026 წლის 15 დეკემბრამდე

 პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: საქართველო მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი - 53,6% მთაზე მოდის, 1/3-ზე მეტი (33,4%) – მთისწინეთზე და მხოლოდ 13 % უჭირავს ბარს. ამასთან, მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული: ბარში ცხოვრობს მოსახლეობის 9/10-ზე მეტი, ხოლო მთასა და მთისწინეთში 9,7 %.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები მნიშვნელოვნად განსხვავდება დაბლობის საცხოვრებელი არეალებისაგან ბუნებრივი, ეკონომიკური და სასოფლო სამეურნეო რესურსებით, სოციალური პირობებითა და კულტურული თავისებურებებით. ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკების მაღალი დონის, სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შეზღუდვის, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, სამუშაო ადგილების არარსებობის, ფულადი შემოსავლების სიმცირის, ცხოვრების პირობების დაბალი დონის და ა.შ. გამო მაღალმთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელია მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. მიგრაციის შედეგი მაღალმთიან რეგიონებზე აისახება დემოგრაფიული დაბერებითა (საშ. ასაკი 48,2წ.) და შობადობის დაბალი დონით. ამასთან, მოსახლეობის მხოლოდ 22% არის დასაქმებული ანაზღაურებად სამუშაოზე. შინამეურნეობების 51%-ისთვის შემოსავლების ძირითადი წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა. ოჯახების 35%-ისთვის ყოველთვიური შემოსავალი 250 ლარს არ აღემატება. მაღალმთიანი დასახლებების უმრავლესობაში მოსახლეობის საქმიანობის და შემოსავლების ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. (საქსტატი). აღნიშნული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს მთისა და ბარის მოსახლეობის ცხოვრების დონის გამოთანაბრებას.

მონაცემები ადასტურებს რეალობას: ქართული მთის სოფელი კარგავს თავის ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. სოფლის მცხოვრებლების დიდი ნაწილი საარსებო საშუალებების საშოვნელად ან საქართველოს დიდ ქალაქებშია გადასული, ან უცხოეთში. მთის ეკონომიკური ფუნქციის აღდგენის პროცესი ჯერ-ჯერობით, ატარებს მხოლოდ ეპიზოდურ, სეგმენტურ ხასიათს, ნაცვლად იმისა, რომ მან მიიღოს საყოველთაო, ერთიანი, სისტემური ხასიათი. მთის სოფლებში შინ დარჩენილების აბსოლუტურ უმრავლესობას, პრაქტიკულად დაკარგული აქვს აგროსამეურნეო ფუნქცია, რაც ქვეყნისათვის უდიდესი საფრთხის შემცველია. ამას ემატება აგრეთვე მეწყერული პროცესები, რაც ხშირად კატასტროფულ შედეგებამდე მიდის.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით დიდ აქტუალურობას იძენს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ადგილობრივი რესურსების გამოვლენა და მათი ამოქმედება, რაც, ერთი მხრივ, შეამსუბუქებს საბიუჯეტო ტვირთს, მეორე მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის ადგილობრივ მაცხოვრებელთა ცხოვრების დონეს.

მთის პოტენციალის ინტენსიური ათვისება უნდა მიმდინარეობდეს მდგრადი განვითარების, ეკოლოგიური წონასწორობისა და უსაფრთხო გამოყენების ფორმატით.

საქართველოს სახელმწიფო ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, ამ მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკა ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილია  და მიზნად ისახავს საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას.

მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული, სტატისტიკური მონაცემებიც კი იმდენად მწირია, რომ ჭირს რაიმე დასკვნების გაკეთება და კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასახვა.

პროექტის მიზანია მაღალმთიანი რეგიონების სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე რეგიონების გრძელვადიანი, მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის ამოცანებია:

  • აჭარის მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური რესურსების, მოსახლეობის სოციალური პირობების, დასახლებების ეკოლოგიური საფრთხების შესწავლა;
  •  აჭარის მაღალმთიან დასახლებებში თანამედროვე დემოგრაფიული სიტუაციისა და მისი განვითარების ტენდენციების გაანალიზება; დასახლებებში მოსახლეობის შემცირების, მისი დაბერების პრობლემების, რეპროდუქციულობისა და შრომითი რესურსების პო­ტენ­ციალის შესწავლა, ამ მხრივ მოსალოდნელი ტენდენციების პროგნოზული შეფასება;
  • მაღალმთიან რეგიონებში ზოგადი/პროფესიული/უმაღლესი განათლების, კულტურისა და სპორტის ხელმისაწვდომობის ანალიზი. რეგიონის განვითარების სტრატეგიის SWOT – ანალიზი აჭარის ა.რ. მაგალითზე  და სამომავლო განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • აჭარის მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ქალების მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ფინანსებზე წვდომის ბარიერების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • აჭარის მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე ტურიზმის გავლენის შესწავლა და შეფასება;
  • აჭარის მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური პოტენციალის ათვისება–გამოყენებაში, მოსახლეობის შემოსავლის ფორმირებასა და ცხოვრების დონის ამაღლებაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლის განსაზღვრა;
  • აჭარის მაღალმთიან დასახლებებში შემოსავლების განაწილების ანალიზი, ქვეყნის საშუალო დონემდე მისი ამაღლების გზების დასახვა;
  • აჭარის მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის გაანალიზება, მისი ზეგავლენის გამოვლენა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
  • მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, სოფლის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის მდგრადი განვითარებისათვის  რეკომენდაციების შემუშავება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

 კვლევის შედეგად:

  • შეფასდება აჭარის მთიანი დასახლებების ეკონომიკური განვითარების დინამიკა, ქვეყნის მთლიან სამამულო პროდუქტში საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების  წილის დინამიკა   დარგობრივ ჭრილში და მისი გაჯანსაღების შესაძლებლობები;
  • შეფასდება აჭარის მაღალმთიან დასახლებებში საინვესტიციო პოტენციალი. გამოვლინდება მისი განვითარების მიმართულებები,  თავისებურებები, მოსალოდნელი ტენდენციები;
  • შეფასდება ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა, გამოვლინდება  მათ ეკონომიკურ აქტიურობაში დამხმარე ფაქტორები და ხელისშემშლელი ბარიერები. ჩატარებულ სამუშაოებზე დაყრდნობით მოხდება რეკომენდაციების შემუშავება მაღალმთიან დასახლებებში ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
  • შეფასდება აჭარის მაღალმთიან დასახლებებში ტურისტული ბაზრის ძირითადი ტენდენციები, დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე სოფლის ტურიზმის გავლენა, გამოვლინდება ტურისტული ბაზრის შემაფერხებელი ფაქტორები და  შესაძლებლობები. სოფლის ტურიზმის გავლენა აჭარის მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობაზე დინამიკაში ვარირებადია. ამიტომ, აღნიშნული საკითხის შესწავლა გრძელვადიან პერიოდში აქტუალობას არ კარგავს.
  • გამოვლინდება აჭარის მაღალმთიანეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მდგომარეობა, შემაფერხებელი და მასტიმულირებელი ფაქტორები;
  • დადგინდება ბიზნესის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების განხორციელებით მიგრაციული პროცესების ტემპების შემცირების თვალსაზრისით მიღწეული შედეგები.
  • გამოვლინდება მეურნეობის პერსპექტიული მიმართულებები წარმატებული საწარმოებისა და უცხოური გამოცდილებების გაზიარების  საფუძველზე;
  • გაანალიზდება აჭარის მაღალმთიანეთში მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ტრანსფორმაციის მიმართულებები და შემუშავდება მათი სრულყოფის  რეკომენდაციები. (რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის“ სრულყოფას).
  • შეფასდება აჭარის მაღალმთიან დასახლებებში თანამედროვე დემოგრაფიული პროცესების განვითარების  მიმართულებები, გამოვლინდება თავისებურებები და მოსალოდნელი ტენდენციები;
  • გაანალიზდება მაღალმთიან დასახლებებში დასაქმების დინამიკა სქესობრივ და ასაკობრივ ჭრილში. შეფასდება შრომითი რესურსების პოტენციალი, გამოიკვეთება მათი ეფექტიანად გამოყენებისა და ზოგადად, რეგიონში დასაქმების დონის ამაღლების შესაძლებლობები;
  • გამოიკვეთება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ პრობლემების აღმოფხვრას -  ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აჭარის საზღვრისპირა დასახლებების ეროვნულ- დემოგრაფიული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

კვლევის დროს მოპოვებული ინფორმაცია, რაოდენობრივი მონაცემები, გამოკითხვის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალმთიანი დასახლებების  პრობლემების განზოგადებისას, მთავრობის მიერ მთის დასახლებების მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისას. აგრეთვე, ცალკეული პირების, მეწარმეების, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მაღალმთიანი დასახლებების პრობლემებით, იქ არსებული რესურსების გამოყენებით და სხვა, მასთან დაკავშირებული საკითხებით.

ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება როგორც მთლიანი საქართველოს მასშტაბით, ასევე საერთაშორისო დონეზე აქტუალური იქნება მომავალშიც.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა