სამეცნიერო პროექტის დასახელება: სწრაფი მართლმსაჯულების პრობლემატიკა აჭარის რეგიონის მაგალითზე
გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ-ბათუმისშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: სამართლის დოქტორი, პროფესორი ომარ ფარტენაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:
- ომარ ფარტენაძე;
- ლევან ჯაყელი;
- დალი მახარაძე;
- ადამ მახარაძე;
- ლუკა ტაკიძე;
- იოსებ შავაძე.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 15.05.2025 - 15.12.2026
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: სასამართლოს გადატვირთულობა იქცა ისეთ პრობლემად, რომ ღიად საუბარს უკვე აღარავინ ერიდება. აღნიშნული იწვევს საქმეების განხილვის გაჭიანურებას თვეებითა და წლებით. ზოგიერთ მოსამართლეს აწერია ათასობით საქმე განსახილველად, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც მიღებული გადაწყვეტილების ხარისხზე, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაზე სასამართლოსადმი. პრობლემა ეხება ყველა პირს ვინც წარმოადგენს მხარეს სასამართლოში და მათ ახლობლებს, ასეთი ვითარება უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რადგანაც უარყოფილია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პრინციპი. საქმეთა განხილვის გაჭიანურება მიუთითებს არაეფექტურ მართლმსაჯულებაზე. სასამართლოს გადატვირთულობა ასევე წარმოშობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის საფრთხეებსაც.
ამდენად, სასამართლოს გადატვირთულობას აქვს ნეგატიური გავლენა როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადოდ რეალიზებაზე, ისე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის საკითხზე. შესაბამისად სასამართლოების დატვირთულობის ხარისხის შეფასება, მისი მიზეზების კვლევა და აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავების სწორი გზების დასახვა უმთავრესი საკითხია სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისთვის.
ჩვენ მოცემული პროექტით შევეცდებით პრობლემა განვიხილოთ განსხვავებულ ჭრილში და წარმოვადგინოთ ახალი ხედვა გზების ძიებისა. დარწმუნებული ვართ შედეგები წაადგება ქვეყანას და საზოგადოებას. ასევე ჩვენი უნივერსიტეტი ჩაებმება საკითხის მეცნიერულად განხილვის პროცესში.
პროექტის ძირითადი მიზანია დადგინდეს კონკრეტული მიზეზი სასამართლოთა გადატვირთულობისა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრობლემისა. მიუხედავად იმისა, რომ არის ჩატარებული გარკვეული კვლევები სასამართლოთა გადატვირთულობის მიმართულებით, ნორმალური შედეგი დამდგარი არ არის, პრობლემა ისევ რჩება პრობლემად.
ჩვენი ამოცანაა დადგინდეს დღეის მდგომარეობით სასამართლოს რეალური შესაძლებლობა, თუ თვეში საშუალოდ რამდენი საქმეს განიხილავს, რამდენი საქმეა მოლოდინის რეჟიმში და რა არის შესაძლო მიზეზი განუხილველ საქმეთა თავმოყრისა. ასევე შევისწავლით მოსამართლეებზე საქმეთა გადანაწილების არსებულ მდგომარეობას. მიზეზების დადგენის შემდეგ წარმოვადგენთ კონკრეტულ წინადადებებს პრობლემის მოგვარების გზების დასახვით.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკითხები, რის ირგვლივაც იგეგმება კვლევა მდგომარეობს შემდეგში:
- აღიწერება ყოველ თვეში შემოსული საქმეების რაოდენობა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში;
- აღიწერება დასრულებული საქმეების რაოდენობა შედეგის მითითებით (არსებითად განხილული, მორიგებით დასრულებული, შეწყვეტილი და ა.შ.) ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში;
- საანგარიშო პერიოდის ბოლოს მიმდინარე საქმეების საერთო რაოდენობა ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში;
- ინფორმაციის გაანალიზება ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებში არსებული ფართისა (დარბაზების და სხვა) და განსახილველი საქმეების რაოდენობის ბალანსის შესახებ;
- ინფორმაცია საქმეთა განხილვის ხანგრძლივობის შესახებ და მისი შეფარდება სასამართლოში არსებულ თავისუფალ ფართთან მიმართებაში;
- ინფორმაცია მიმდინარე საქმეების დასრულების პროცენტულობის შესახებ ახალი საქმეების რაოდენობასთან მიმართებით;
- მოლოდინის პერიოდის ხანგრძლივობა საქმეთა განხილვაში.
პროექტის დასრულებისას ხელთ გვექნება ის მონაცემები, რაც შეიძლება იყოს ხელისშემშლელი პირობა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისას და გაიმართება შედეგების პრეზენტაცია. ასევე, კვლევის შედეგები დაეგზავნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
პროექტის შედეგების ასახვა დაგეგმილია საქართველოს ან საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების, პუბლიკაციების სახით, სადაც წარმოჩნდება პროექტის მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოს და წარმოდგენილი პროექტის თემატიკის ერთიანი ხედვა.
უკან |