სამეცნიერო პროექტის დასახელება: მოცხარის ველურ სახეობებსა და ჯიშებზე გავრცელებული დაავადებების გამოვლენა აჭარაში
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან მემარნე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ქეთევან მემარნე, ზოია სიხარულიძე, ქეთინო ნაცარიშვილი, ცისანა ცეცხლაძე, ქეთინო სიხარულიძე, სალომე დუმბაძე, სვეტლანა გუმბერიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 20.05.2025 - 20.05.2026
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: საქართველოს უმდიდრესი და უნიკალური ფიტოგენოფონდი ბუნებრივი ისტორიული სიმდიდრეა. საქართველო მრავალ კულტურული მცენარისა და მათი ველური წინაპრების წარმოშობის კერას წარმოადგენს. მათ შორის მნიშვნელოვანია კენკროვანი კულტურები, რომელთა გენეტიკური რესურსების შესწავლა-გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეს უნიკალური და მრავალფეროვანი სიმდიდრე არასაკმარისად არის კატალოგირებული და გამოყენებული. განსაკუთრებით ეს ეხება მოცხარის - Ribes L. გვარის წარმომადგენლებს. ეს უნიკალური მცენარე მეტად ძვირფასი ნედლეულია ფარმაცევტული და კვების მრეწველობისთვის. მოცხარი მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის ისეთი აუცილებელი ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინები, ფენოლური ნაერთები, მინერალები, ორგანული მჟავეები, ტანინები და სხვა. მას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. მოცხარს სერიოზული საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. მისი მაღალპროდუქტიულობიდან გამომდინარე, მოცხარის გაშენება ეკონომიკურად მომგებიანია დაბლობშიც და მაღალმთიან რეგიონებშიც.
მოცხარის წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მასზე დასახლებული მავნე ორგანიზმების, როგორც მცენარის პროდუქტიულობის შემზღუდავი ფაქტორის შესახებ ინფორმაცია. ლიტერატურული მონაცემებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართობების ზრდასთან ერთად, რასაც თან ერთვის გლობალური კლიმატური ცვლილებები, იმატა დაავადებების ზრდის რისკმა. ამიტომ, აუცილებელია დროულად მოხდეს მოცხარის ნარგაობების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, დაავადებათა გამოვლენა-იდენტიფიცირება და შემდგომში უფრო ღრმა შესწავლა. მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც მოცხარია გავრცელებული, ძირითადად დაფიქსირებულია მავნეობით გამორჩეული სოკოვანი დაავადებები: ანთრაქნოზი, ნაცარი, ჟანგა, ნაყოფის სიდამპლე და სხვა. უფრო ნაკლებადაა გავრცელებული ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები. როგორც ცნობილია, დაავადებები უარყოფითად მოქმედებენ მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, ამცირებენ მოსავალს და აუარესებენ ნაყოფის ხარისხს. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დაავადებების მიერ გამოწვეული დანაკარგები, აუცილებელია დროულად და ზუსტად იქნას იდენტიფიცირებული დაავადებების გამომწვევები, შესწავლილი იქნას პათოგენის სხვადასხვა ბიოლოგიური მახასიათებლები, მავნეობის ხარისხი და შემუშავებული იქნას დაავადების კონტროლის ეფექტური საშუალებები.
საკონკურსო კვლევა მნიშვნელოვანი სიახლის შემცველია, რადგან მოცხარის დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით მსგავსი კვლევა დღემდე საქართველოს მასშტაბით არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის სამეცნიერო სიახლე იქნება აჭარაში არსებულ მოცხარის ნარგაობებზე (როგორც ველურ, ისე კულტურული მცენარეებზე) გამოვლენილი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების სპექტრის დადგენა.
კვლევის მიზანს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან და დაბლობ ზონაში გავრცელებული მოცხარის ველური და კულტურული მცენარეების დაავადებების გამოვლენა-იდენტიფიცირება და მათი გავრცელების ინტენსივობის დადგენა.
პროექტის მიზნების მისაღწევად კვლევა განხორციელდება შემდეგი კონკრეტული ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების მიხედვით:
ამოცანა 1. მოცხარის დაავადებების გავრცელების არეალის და ინტენსივობის დადგენა აჭარის დაბლობ და მაღალმთიან რაიონებში;
აქტივობა 1.1. მოცხარის ნარგაობების გამოკვლევა საველე ექსპედიციების საშუალებით მცენარის ვეგეტაციის პერიოდში.
აქტივობა 1.2. დაავადებული ნიმუშების შეგროვება და რეგისტრაცია.
ამოცანა 2. მოცხარის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება კლასიკური მიკრობიოლოგიური მეთოდებით;
აქტივობა 2.1. მოცხარის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოყოფა სუფთა კულტურაში.
აქტივობა 2.2. გამოყოფილი მიკროორგანიზმების მორფოლოგიური და კულტურალური თვისებების შესწავლა.
აქტივობა 2.3. პათოლოგიური ტესტის ჩატარება.
ამოცანა 3. გამოყოფილი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება მოლეკულური ბიოლოგიის სპეციფიკური პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;
აქტივობა 3.1. იდენტიფიცირებული მიკროორგანიზმებიდან დნმ-ის გამოყოფა. აქტივობა 3.2. დნმ-ს ამპლიფიკაცია და მონაცემთა ანალიზი.
ამოცანა 4. იდენტიფიცირებული შტამებით პათოგენთა კოლექციის შევსება, შენახვა.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: მოცხარის დაავადებების კვლევა საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის დაფინანსების შედეგად შესაძლებელი გახდება აჭარის ბარისა და მაღალმთიან ზონაში არსებული მოცხარის მცენარეებზე გავრცელებული დაავადებების გამოვლენა, გამომწვევ აგენტთა იდენტიფიცირება და დაავადებების სპექტრის დადგენა; დადგინდება, აგრეთვე, გამოვლენილი დაავადებების გავრცელების არეალი აჭარაში, მათი გავრცელებისა და განვითარების ინტესივობა. კვლევა საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მეტად მნიშვნელოვანი ცოდნა და ინფორმაცია მოცხარის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის.
კვლევის შედეგები გაანალიზდება სამეცნიერო სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდება საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალში. ასევე, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება თეზისი და სასტენდო მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე წარსადგენად. ინფორმაცია კვლევის შედეგების შესხებ განთავსდება ბათუმის უნივერსიტეტის ვებგვერდზე და წარდგენილი იქნება მესამე მისიის ფარგლებში განხორციელებულ სასკოლო ღონისძიებაზე. პროექტის განხორციელების პერიოდში საქართველოში დაურეგისტრირებელი საკარანტინო დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში, მიღებული ინფორმაცია მიეწოდება სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
მოცემული პროექტის განხორცილების შემდეგ სამომავლო კვლევების მიზანი იქნება საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მოცხარის დაავადებების გამოვლენა, პათოგენთა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური თვისებების უფრო ღრმა შესწავლა და ამ დაავადებათა კონტროლის გზების ძიება.
უკან |