სამეცნიერო კვლევები

პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა

სამეცნიერო პროექტი - პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა (FR/491/2-153/13)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მარინა გიორგაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - მეცნიერ-მუშაკი თემურტუნაძე, მეცნიერ-მუშაკი  ნინო ძნელაძე, ასოცირებული პროფესორი მანუჩარ ლორია, მეცნიერ-მუშაკი თეონა აბულაძე, პროფესორი ნუგზარ მგელაძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2014 – 17 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - პროექტი ითვალისწინებს აჭარაში მცხოვრები პონტოელი ბერძნების ისტორიის, ეთნოგრაფიის, ენისა და ფოლკლორის კვლევას. პონტოელ ბერძნებს საქართველოს ეთნიკურ მოზაიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მათ ჩამოიტანეს საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული ფასეულობები, რომლებიც ტრადიციულ ყოფაში, მატერიალურ და სულიერ კულტურაში, დარგობრივ ლექსიკაში გამოიხატებოდა. ქართულ ეთნიკურ გარემოში ბერძნულმა დიასპორამ საკუთარი კულტურა განავითარა და ადგილობრივ გარემოზეც გავლენა მოახდინა. თავის მხრივ ბეძნებმაიც გაიარეს საქართველოში სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული ადაპტაცია.
პონტოელი ბერძნები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ადგილობრივ სამეურნეო ცხოვრებაში  და წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდნენ. პოსტსაბჭოთა პერიოდშიც საინტერესო პროცესები განვითარდა. მხედველობაში გვაქვს ბერძენთა უკუმიგრაციები. ბოლო პერიოდში, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ადგილი ჰქონდა მათი მცირე ნაწილის უკან, საქართველოში დაბრუნების რამდენიმე ფაქტსაც. პროექტში ჩართული მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს და აქტუალურად თვლის, რომ ამგვარი პროცესები ისტორიულ-ეთნოლოგიური, ასევე დიალექტოლოგიური კვლევისა და დაკვირვების არეალში აუცილებლად უნდა მოექცეს.

პროექტში პონტოელ ბერძენთა თავდაპირველი გადმოსახლების, უკუმიგრაციისა თუ ხელახალი მიგრაციის ისტორიული, ეკონომიკური თუ სხვა ხასიათის თავისებურებები იქნება გაანალიზებული და ყურადღება გამახვილდება მოახალშენეთა და ადგილობრივთა თანაცხოვრების იმ კულტურულ–ეთნოგრაფიულ პლასტებზე, რომლებიც ხალხურ მეხსიერებას შემორჩა. ბერძნული დიასპორის ისტორიისა და კულტურის კვლევა საშუალებას იძლევა ადგილობრივი მოსახლეობის ტოლერანტულობის ხასიათს უფრო სიღრმისეულად ჩავწვდეთ და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა თანაარსებობის პერსპექტიული მოდელი განვსაზღვროთ.

კვლევა ითვალისწინებს პონტოური ბერძნულისათვის დამახასიათებელი თემატური ლექსიკური ერთეულების ფიქსაციას, რადგან, დროთა განმავლობაში ტრადიციული ყოფისათვის დამახასიათებელი ბევრი ელემენტი ნადგურდება და იკარგება. საბოლოოდ შეიქმნება შემდეგი შინაარსის მონოგრაფია: „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“.


სამეცნიერო პროექტის შედეგები - საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე განხორციელებულია ყველა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სახის საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია, შეკრებილია სათანადო მასალები აჭარაში მცხოვრებ პონტოელ ბერძენთა ეთნოგრაფიის, ენისა და ფოლკლორის შესახებ. აღწერილია ყველა სოფელი, „ბერძნული“ ეკლესიები, მათი თანმხლები დღესასწაულები, სასაფლაო, გვარები და მათი გენეალოგიები, მატერიალური კულტურა,შესწავლილია ბერძნული კულინარია, შეკრებილია ისტორიულ-ეთნოგრაფიული გადმოცემები, ენისა და ფოლკლორის ნიმუშები და ა.შ; ანუ ძირითადად თავმოყრილია პროექტით გათვალისწინებული ყველა მასალა,  პროექტის განმახორციელებელი პერსონალი ამ ეტაპზე მუშაობს მონოგრაფიაზე - „პონტოელი ბერძნები აჭარაში - წარსული და თანამედროვეობა“.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა