სამეცნიერო კვლევები

„აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის ცხრილის აგება: ისტორიული მონაცემების სტატისტიკური შეფასება და მომავლის პროგნოზირება“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „აჭარის მოსახლეობის მოკვდავობის ცხრილის აგება:  ისტორიული  მონაცემების სტატისტიკური შეფასება და მომავლის პროგნოზირება“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ასიე ცინცაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ასოცირებული პროფესორი ნინო სვანიძე, სტუდენტები: მზია დიასამიძე, მელანო აბაშიძე, თამთა კახიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის მიზანია აჭარის რეგიონის მოსახლეობის გენერალური ერთობლიობისათვის მოკვდავობის ცხრილის აგება. უკანასკნელ წლებში დემოგრაფიული სიტუაციის გამწვავება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ეკონომიკური გარდაქმნების შედეგია. საქართველოში 2007-2016 წლის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად მზარდი დინამიკით ხასიათდება როგორც გარდაცვალების, ასევე ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნება, კლებადია  ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დინამიკა. თითოეულ შემთხვევაში მიზეზების კვლევა რთულდება არასრული დემოგრაფიული სტატისტიკის გამო. არსებული დემოგრაფიული  მაჩვენებლები მოიცავს: ა) შობადობა (1000 კაცზე); ბ) მოკვდავობა (1000 კაცზე); გ) 1 წლამდე მოკვდავობა (1000 დაბადებულზე); დ) ბუნებრივი მატება. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეუძლებელია დადგინდეს მოკვდავობის ყოველწლიური მაჩვენებელი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნება, საპენსიო უზრუნველყოფის ბენეფიციართა რაოდენობა, შეუძლებელია პროგნოზირება და დაგეგმვა. თითოეული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების შესამუშავებლად.

კვლევითი პროექტის აქტუალობას, აღწერილი პრობლემების შესწავლასთან ერთად, განაპირობებს სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განუვითარებლობა, ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და პრობლემების აღმოფხვრის ძირითადი მოდელის - მოკვდავობის ცხრილის შედგენა რეგიონის  მოსახლეობის გენერალურ  ერთობლიობაზე.

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სიცოცხლის დაზღვევა სახელმწიფოს სოციალური დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში სიცოცხლის დაგროვებადი და დაბრუნებადი დაზღვევა ვერ განვითარდა. სხვა მრავალ მიზეზებს შორის ერთერთი მთავარი არის მოკვდავობის ცხრილის არარსებობა, რომელიც მზღვეველისათვის დაზღვევის ტარიფის გამოთვლის ძირითადი კანონია. თანამედროვე პერიოდში სიცოცხლის დაზღვევა საკრედიტო დაზღვევის სახით არის წარმოდგენილი. მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები  დაზღვევის ამ სახეში ჩართული არიან არაპირდაპირ კომერციული ბანკების მოთხოვნით. ტარიფების გათვლა კი დაფუძნებულია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე და არა დაზღვეული მოსახლეობის მოკვდაობის მაჩვენებლებზე. შესაბამისად  ირღვევა დაზღვევის ტარიფის   სამართლიანობის პრინციპი  დამზღვევის საზიანოდ.  დემოგრაფიული სტატისტიკა აღწერს  დამდგარ ფაქტებს, და მისით  რთულია  მიზეზების დადგენა, რომელმაც ეს შედეგი მოიტანა. მოკვდავობის ცხრილი კი ალბათობის მაჩვენებლის გამოყენებით შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს პროგნოზირება პროცესების მოსალოდნელ  განვითარებაზე.

მოკვდავობის ცხრილის შედგენა  აღწერილი საჭიროებიდან  გამომდინარე მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოკვდავობის ცხრილი არ შექმნილა. კვლევის სიახლე თვით მოკვდავობის ცხრილის აგებაა აჭარის რეგიონის მოსახლეობის გენერალური ერთობლიობისათვის.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულება სხვადასხვა მიმართულებით კვლევების ხელშეწყობაა, ვინაიდან მოკვდავობის ცხრილი არის   მომავალში განსახორციელებელი  საქმიანობის პროგნოზირების მექანიზმი, სადაზღვევო კომპანიების სიცოცხლის დაზღვევის ქვედარგის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი.  კვლევითი პროექტის ფარგლებში რეგიონის  მოსახლეობის მოკვდავობის ალბათური მაჩვენებლები ღირებულ ინფორმაციას მიაწოდებს   ხელისუფლებას  ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის  ღონისძიებების შესამუშავებლად რეგიონულ ჭრილში.

კვლევის შედეგს ასევე აქვს პრაქტიკული ღირებულება  სადაზღვევო საქმის, სადაზღვევო მათემატიკის სასწავლო კურსების შესწავლისათვის, კერძოდ შესაძლებელი გახდება სიცოცხლის დაზღვევის საკითხების შესწავლისას  პრაქტიკული ამოცანების შედგენა რეალური მონაცემების მიხედვით, შესრულდება  კვლევითი პროექტები.  ასევე დიდ როლს შეასრულებს მოკვდავობის ცხრილი,   როგორც  სახელმწიფო, ასევე კერძო საპენსიო  ფონდების მოცულობის პროგნოზირებაში.

საკვლევი პროექტის აქტუალობა, მისგან მიღებული შედეგის მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება ქმნის კვლევის  გაგრძელების   პირობას, რაც  გულისხმობს  კომუტაციური  რიცხვების გათვლას,  მოკვდავობის ცხრილის სტრუქტურულ და გეოგრაფიულ გაფართოებას


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა