„ბათუმობა - 2013“ უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა
„ბათუმობის“ დღესასწაულზე მოწვეული სტუმრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპკერმა მურმან დუმბაძემ, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამიშვილმა, უცხოეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ბათუმის განვითარებაში შეტანილ წვლილზე. უნივერსიტეტის რექტორმა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ პროფესორებს ბსუ-ში „სტუმარი პროფესორის“ სტატუსით ლექციების ჩატარება შესთავაზა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა "დედა ენის" უნიკალური გამოცემების პირველი გამოფენა. კერძო კოლექციონერმა ლევან თაქთაქიშვილმა უნივერსიტეტის ფოიეში სხვადასხვა პერიოდში გამოცემული 50-მდე წიგნი წარმოადგინა, მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში დაბეჭდილი "დედა ენა".