25 მაისი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გერალდ ვიტცელმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიურად, ტურიზმის ფაკულტეტის 100-მდე სტუდენტი სამთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლის და გაეცნობა სასტუმროს ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ტურიზმის ფაკულტეტთან ერთად სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, ერთობლივი კონფერენციების, საზაფხულო სკოლების და სემინარების ჩატარებას, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის და საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში ტურიზმის ფაკულტეტის 68 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გაემგზავრება გერმანიაში. პრაქტიკის განმავლობაში, გერმანული მხარე სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების ღამისთევას, კვებას და სტიპენდიას (550-800 ევროს ოდენობით). გარდა ამისა, სტუდენტების მგზავრობის ხარჯები დაიფარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსებით.