29 ივნისი 2022 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება. სტუდენტებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
სტუდენტები 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან და გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას.
საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს, გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის ა.რ. მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება (მიმდინარე წელს სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში 100 165 ლარის ოდენობით დაფინანსდა).
პრაქტიკის განმავლობაში, გერმანული მხარე სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების ღამისთევას, კვებას და სტიპენდიას (500-850 ევროს ოდენობით). ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.
ტურიზმის ფაკულტეტი ყოველწლიურად, გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, ორგანიზებას უწევს ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ,,დამატებითი სპეციალობის“/,,minor”) სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის გავლას. 2013 წლიდან დღემდე საწარმოო პრაქტიკა ბსუ-ს 800-მდე სტუდენტმა გაიარა.
სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ინგლისური/გერმანული ენის ცოდნას.