2025 წლის 18-23 მაისს ტამპერეს უნივერსიტეტში (ფინეთი) ჩატარდა პერსონალის საერთაშორისო კვირეული, რომელსაც ესწრებოდა 40-ზე მეტი ადმინისტრაციული და აკადემიური პირი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან; ბსუ-დან კვირეულში მონაწილეობდნენ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. მარინე გიორგაძე და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიზო ფარცხალაძე.
18-19 მაისს გაიმართა ოფიციალური შეხვედრები პორიში, სადაც განთავსებულია ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კამპუსი, რომელთანაც ბსუ-ს გაფორმებული აქვს ინტერ ინსტიტუციური ხელშეკრულება (IIA) ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა და პერსონალის საერთაშორისო მობილობის მიზნით. კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს პორის კამპუსი, განიხილეს საუნივერსიტეტო კონსორციუმის ინტერდისციპლინურ გაცვლით პროგრამას (ტექნოლოგია, ბიზნესი, კულტურა).
20-23 მაისს კვირეული გაგრძელდა ტამპერეს უნივერსიტეტში, სადაც ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიის უნივერსიტეტების საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ინტერაქტიული სესიების, დისკუსიების, მრგვალი მაგიდის ფორმატში ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, სამომავლო ხედვები ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება უნივერსიტეტის სტრატეგიასა და მენეჯმენტში; მდგრადი განვითარების აქტივობები უნივერსიტეტებში; მდგრადი განვითარება საერთაშორისო მობილობის პროცესში და სტუდენტურ ცხოვრებაში.
კვირეულის ფარგლებში, შედგა საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.