ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დიგიტალური ჰუმანიტარიის VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

სურათი

VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „დიგიტალური ჰუმანიტარია, ქართველოლოგია, კორპუსლინგვისტიკა, დოკულინგვისტიკა“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების მიზანია დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარება საქართველოში, ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლა, ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობა, საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება. საქართველოს, რუმინეთის, თურქეთის, ირანის  სხვადასხვა უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები ინტერდისციპლინური  პროგრამის ფარგლებში გაეცნობიან დიგიტალური ჰუმანიტარიის  მულტიდისციპლინურ მეთოდებს, ინსტრუმენტებსა და სტანდარტებს, დიგიტალური ქართველოლოგიის მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებს.

საქართველოსა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები ლექციებსა და ვორკშოპს ჩაატარებენ დოკულინგვისტიკისა და კორპუსლინგვისტიკის საკითხებზე. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სალომე გოლამი, ლიდსის უნივერსიტეტის გამოყენებითი და კორპუსლინგვისტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - რობერტ მაკდონალდ ლოვი და ლიდსის უნივერსიტეტის „ქართველური და კავკასიური ენების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი -  სოფიკო დარასელია მსმენელებს  დიგიტალური ჰუმანიტარიის, კორპუსლინგვისტიკისა და დოკულინგვისტიკის მიღწევებს გააცნობენ.

საზაფხულო სკოლა თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად ითვალისწინებს მსმენელების  პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ლექციებსა და ვორკშოპზე შეძენილ ცოდნას სტუდენტები გამოიყენებენ სეზონური სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც გამოცდილი ექსპერტების ხელმძღვანელობით ჩაიწერენ მასალებს და ტუტორების დახმარებით მოახდენენ მოპოვებული მასალის სისტემატიზაციას.

სტუდენტებთან ერთად საზაფხულო სკოლის მუშაობაში წელს პირველად ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები. პრაქტიკულ ბლოკში სკოლის მონაწილეები მოამზადებენ და წარმოადგენენ სასერტიფიკატო პრეზენტაციებს, რაშიც მათ დაეხმარებიან გამოცდილი ტუტორები.

VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ, საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს პროფესორმა რამაზ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა თანდაშვილმა გახსნეს.

საერთაშორისო სკოლა ტარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა