15 იანვარი 2019 წელი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის KEAC-BSR - „ცოდნის გაცვლა და აკადემიური კულტურები ჰუმანიტარულ სფეროში: ევროპა და შავი ზღვის აუზი, XVIII-XXI სს“ ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ცოდნის გაცვლა აკადემიურ კულტურებში მიგრაციის გზით ევროპასა და შავი ზღვის ქვეყნებში და მათ შორის“ (პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდი)“. ერთკვირიან სამეცნიერო სესიაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, პროფესორმა მარინე აროშიძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა: ნინო აროშიძემ, თამაზ ფუტკარაძემ, მანუჩარ ლორიამ და დოქტორანტმა ქეთევან ფუტკარაძემ. კონფერენცია მიზნად ისახავდა ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორიცაა: ბალკანეთი და კავკასია მიგრაციის გზაჯვარედინზე და ცოდნის გაცვლა, გადასახლებული აკადემიური ელიტა ეროვნული საგანმანათლებლო ინსტიტუციების განვითარებისათვის ბრძოლაში, აკადემიური მიგრაცია და სამეცნიერო მიღწევები.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: მოგზაურობა და დოკუმენტირება შავი ზღვის ქვეყნებში, გამოჩენილი ქალები და მათი როლი შავი ზღვის ქვეყნების სამეცნიერო სივრცეში, ინტელიგენციის მოძრაობა ომის-წინა პერიოდში.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ პროექტში მონაწილე ქვეყნების: ავსტრიის, ბულგარეთის, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, მაკედონიის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
მარინე აროშიძემ და ნინო აროშიძემ უცხოელ კოლეგებს მოხსენება გააცნეს თემაზე: „ლინგვისტური მდგომარეობა და ლინგვისტური პოლიტიკა მიგრაციული პროცესების შუქზე მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის კავკასიაში“, თამარ სირაძემ - „ქალთა ორგანიზაციების როლი უნივერსიტეტის იდეის განვითარებაში“, ქეთევან ფუტკარაძემ და თამაზ ფუტკარაძემ - „ქართველოლოგია საზღვარგარეთ აკადემიური ცოდნის გაცვლის კონტექსტში“, მანუჩარ ლორიამ - „ეთნოგრაფიული ჩანახატები ქართულ ფოტო და კინო ხელოვნებაში“.