24 ივნისი 2019 წელი
ბსუ-ში შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მრავალენოვანი ონლაინპორტალის წარდგენა ჩატარდა. ონლაინპორტალი ბსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე იხსნება და იგეგმება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების სრული ვერსიის პარალელური კორპუსის შექმნა.
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნი“ მსოფლიოს 55 ენაზეა ნათარგმნი, რაც არაჩვეულებრივი რესურსია პოემის მრავალენოვანი პარალელური კორპუსის შესაქმნელად. ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება და დიგიტალიზაცია. სამეცნიერო პროექტის „რუსთაველი ციფრულ სამყაროში“ („ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები 55 ენაზე) ფარგლებში დღეისათვის შექმნილია რუსთაველის პოემის ონლაინ-პორტალის პროტოტიპული ვერსია, რომელშიც ქართული ტექსტის ერთი თავი დაპარალელებულია 20-მდე თარგმანთან.
პორტალი ონლაინ რეჟიმში პოემის თარგმანების ორიგინალთან შედარების საშუალებას იძლევა, ერთ ენაზე შესრულებული რამდენიმე თარგმანის არსებობის შემთხვევაში კი - (მაგ., ინგლისური, გერმანული, რუსული და ა. შ.) თარგმანის მხატვრული მხარის შეფასებისას, რისთვისაც გამოყენებულია თანამედროვე კორპუსლინგვისტური მეთოდი ალინირება.
ვეფხისტყაოსნის“ მრავალენოვან ონლაინ-პორტალი ბსუ-ს პროფესორმა რამაზ ხალვაშმა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა თანდაშვილმა წარმოადგინეს.