14 აპრილი 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენცია გახსნა და მოდერირებას უწევდა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინე გიორგაძე, მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგშვილმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ.
კონფერენციაზე განიხილეს მნიშვნელოვანი თემები: სახელმწიფო ენის სტრატეგიის კონცეპტუალური საკითხები (ენობრივი პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩო და ადმინისტრირების მექანიზმების სრულყოფა; სახელმწიფო ენის სწავლების, ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის დონის ამაღლება; აფხაზური ენის დაცვა და განვითარება; ქართული ენისა და ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების მეცნიერული კვლევის, დოკუმენტირების, დაცვის მექანიზმების სრულყოფა და მხარდაჭერა; საქართველოს მოქალაქეთა ინტეგრაციისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა; ენის ტექნოლოგიების განვითარება);
ქართული ენის დიალექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ (თურქეთი, ირანი), კომპლექსური ექსპედიციების ფოლკლორულ-დიალექტოლოგიურ-ეთნოლოგიური მასალების მნიშვნელობა ადგილობრივთა კოლექტიური მეხსიერების შესწავლისათვის; საგანმანათლებლო პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არაქართულენოვანთათვის“ (აზერბაიჯანულენოვანთათვის/ სომხურენოვანთათვის/ აფხაზურენოვანთათვის/ ოსურენოვანთათვის)-როგორც სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, მისი პრობლემები და პერსპექტივები; ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხები, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ დასრულებული და მიმდინარე კონკურსები.