15 თებერვალი 2021 წელი
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „არქეოლოგიის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ლანა ბურკაძემ 2017-2019 წლებში სტაჟირება ვარშავის ეროვნულ მუზეუმში გაიარა, კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში, რესტავრატორების ასისტენტად; დაეუფლა არქეოლოგიური არტეფაქტების რესტავრირების ტექნიკას, თანამედროვე მეთოდებს. პროექტში, რომელშიც ლანა ბურკაძე რესტავრატორებთან ერთად მუშაობდა და სწავლობდა, დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ. 2021 წლის იანვარში ვარშავის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა პროექტის ფარგლებში რესტავრირებული არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა.
ლანა ბურკაძე 2019 წლიდან დღემდე პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტაჟიორია. სტაჟირების ფარგლებში ჩართულია სააგენტოს დიგიტალიზაციის პროცესში. ასევე მონაწილეობს რეფორმის პროექტში, რომლის ფარგლებში პოლონეთში უნდა გატარდეს რეფორმები არქეოლოგიური ობიექტების მოვლისა და დაცვის კუთხით; ეცნობა ბავშვებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამებს; ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორცილების პროცესში; ეცნობა სააგენტოს მუშაობას „შავი არქეოლოგიის“ პრევენციის კუთხით.
ლანა ბურკაძე 2021 წლიდან ევროპელ სტუდენტთა ასოციაციის - „კულტურული მემკვიდრეობისათვის“ - წევრია, რომლის ფარგლებში იგეგმება საქართველოში და არამარტო საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება.
პოლონეთში მუშაობის პერიოდში, პოლონელი კოლეგების ჩართულობით, ლანა ბურკაძემ დაასრულა მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე: ,,რომაული სამხედრო დასახლებები კოლხეთში". (ხელ-ი, ასოც. პროფ. ე. კახიძე), რომლის დაცვაც მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება ბსუ-ში.