ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უცხოელი დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

სურათი

16 ივნისს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში საერთაშორისო რეზონანსის დაცვა შედგა:  „არქეოლოგიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, თურქეთის მოქალაქე სინან ქილიჩმა (ხელმძღვანელები ბსუ-ს პროფ. შოთა მამულაძე და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ჯონი აფაქიძე), წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლია გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში“ (ძვ. წ. XIV-VII სს.) და დაიმსახურა მაღალი შეფასება - Magna cum laude.

სინან ქილიჩს დამთავრებული აქვს ტუბინგენის (გერმანია) ებერჰარდ-კარლსის  უნივერსიტეტი, იქვე გააგრძელა სწავლა მაგისტრატურაში და 1995 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი. 1996-1999 წლებში ლექციებს კითხულობდა არქეოლოგიაში ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტში. 2001 წლიდან კი ვანის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტში მუშაობს.

სინან ქილიჩი წლების განმავლობაში მუშაობდა ტროას ექსპედიციაში, ლეგენდარული არქეოლოგის, მანფრედ კორფმანის ჯგუფში, იყო მისი მოწაფე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული  არაერთ საერთაშორისო არქეოლოგიურ პროექტში  და ექსპედიციებში თურქეთში, გერმანიაში, ეგვიპტესა და ლიბანში. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, თურქეთსა და საქართველოში.

სადისერტაციო ნაშრომის უცხოელმა ექსპერტმა, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორმა, პროფ. სვენდ ჰანსენმა ნაშრომი შეაფასა უმაღლესი ქულით.

დისერტაციის განხილვის პროცესში ჩართულნი იყვნენ ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც სადისერტაციო ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს, საეტაპო ნაშრომად აღიარეს.

მომავალში სინან ქილიჩი მუშაობის გაგრძელებას ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით გეგმავს, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სინან ქილიჩის კვლევები მიუთითებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორია ბრინჯაოს ხანაში კულტურულად და ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამხრეთ კავკასიასთან.

აღსანიიშნავია ისიც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სინან ქილიჩი მეათე უცხოელი დოქტორანტია მათ შორის, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლა და მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ლიტერატურათმცოდნეობის, ლინგვისტიკის, ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართულებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა