5 ოქტომბერი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მთარგმნელ კატია ვოლტერსის მთარგმნელობითი მასტერკლასი გაიმართა თემაზე: „დანაკარგი და შენაძენი თარგმანში“. ღონისძიება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მარინე გიორგაძემ გახსნა და ლიტერატურული ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთარგმნელმა კატია ვოლტერსმა ინტერაქციულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მთარგმნელობით შემოქმედებით პროცესზე ესაუბრა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა. მასტერკლასს მოდერატორობას უწევდა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მარიამ კორინთელი.
კატია ვოლტერსი 2022 წლის პრემია „საბას“ ლაურეატია, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა“ თარგმანისთვის. კატია ვოლტერსი ფლობს რამდენიმე ენას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამა თუ იმ ენის ჟღერადობას, რიტმთან მუშაობას და დედნის ენიდან ტექსტის სხვა ენაზე შესაბამისი მგრძნობელობით თარგმნას. ქართულ ენაზე თარგმნა გაბრიელ გარსია მარკესისა და ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებები.
ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ღონისძიების პრესკონფერენციაზე რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ სირაძემ ხაზი გაუსვა ფესტივალში უნივერსიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობაზე. ფესტივალით კიდევ ერთი მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება უკრაინას და საქართველოს შორის. მასში უკრაინელი, ქართველი, გერმანელი, იტალიელი, შვეიცარიელი, პოლონელი, რუმინელი და სამხრეთ აფრიკელი მწერლები მონაწილეობენ.