ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“.  საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევას, როგორიცაა: საყოველთაო გლობალიზაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების ახალი ტენდენციები, ამ ცვლილებების არსი და კვლევის მეთოდები.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინე გიორგაძემ, ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვესსელინ ვალკანოვმა და აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა სოფიო ბზიშვილმა გახსნეს და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 200-მდე  ქართველი და უცხოელი მეცნიერი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან. ბსუ-ში მიმდინარე წელს აშშ-ს საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის (MEP) ფარგლებში შემუშავდა და ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა ,,ციფრული მედია და ინოვაციები“. კონფერენციაში მონაწილეობენ აღნიშნული პროგრამის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პროგრამის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

1. მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევები;

2.  დიგიტალური ჰუმანიტარია;

3. კორპუსლინგვისტიკა და თარგმანმცოდნოება;

4. ლინგვისტიკა;

5. ლიტერატურათმცოდნეობა;

6. კლასიკური ფილოლოგია;

7.ისტორია;

8. არქეოლოგია

9. ინტერკულტურული ფილოსოფიის ახალი პარადიგმები:

ქართველი და უცხოელი მკვლევრები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ ისეთ აქტუალურ თემატიკას, როგორიცაა: ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული მიდგომები, მასობრივი კომუნიკაციები, ეროვნული თვითმყოფადობა და კულტურული მრავალფეროვნება, კორპუსული ლინგვისტიკა და დიგიტალური ჰუმანიტარია.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები კრებულის სახით გამოქვეყნდება.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და  აჭარის ა/რ განათლების,   კულტურისა და   სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“  დაფინანსებით ტარდება.

პროგრამა


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა