23 ივნისი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოიცა ასოცირებულ პროფესორ ირაკლი ბარამიძის, ასოცირებულ პროფესორ ხათუნა დიასამიძისა და ისტორიის დოქტორ ოლეგ ჯიბაშვილის მონოგრაფია „ბათუმი ბრიტანეთის ვიცე-კონსულების ანგარიშებში (XIX საუკუნის 30-50-იანი წლები)“. წიგნში წარმოდგენილია ბათუმში ოსმალეთის მმართველობის ის პერიოდი, რომელზეც საინტერესო ცნობები მოიპოვება დიდი ბრიტანეთის ვიცე-კონსულების – ჯ. ბრანტის, ფ. გუარაჩინოსა და უ. ჰოლმსის ანგარიშებში. სამეცნიერო წრეებისათვის ფაქტობრივად უცნობი მასალების, ასევე, მოგზაურ-მკვლევართა ჩანაწერების საფუძველზე განხილულია ბათუმში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პროცესები, მოსახლეობის ყოფითი პრობლემები, ყურის მიმართულებით საქალაქო ცენტრის გადანაცვლების მიზეზები და სხვა საკითხები. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისა და ბათუმის ისტორიით დაინტერესებული პირებისათვის.