ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ მახარაძის გარდაცვალების გამო. პროფესორი მიხეილ მახარაძე წლების განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. ღვაწლმოსილი ფილოსოფოსი იკვლევდა ფილოსოფიის ისტორიას, შუა საუკუნეების ფილოსოფიას, ქართული ფილოსოფიის ისტორიას, კულტურის ფილოსოფიას, რენესანსისა და ჰუმანიზმის აქტუალურ პრობლემებს, გამოქვეყნებული აქვს ათობით სამეცნიერო გამოკვლევა, ასზე მეტი სტატია, რეცენზია და წერილი.
სხვადასხვა წლებში მიხეილ მახარაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიის სერიის მთავარი რედაქტორი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი რედაქტორობით მომზადებული და გამოცემული „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის“ ოთხტომეული, რომელიც 2011 წელს აღინიშნა ეროვნული პრემიით მეცნიერების დარგში.
პროფესორი მიხეილ მახარაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა გამოირჩეოდა ადამიანური ღირსებით, პრინციპულობით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით.
1993 წლიდან მიხეილ მახარაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო-პოპულარული, ლიტერატურული, მხატვრული და პუბლიცისტური კრებული.
პროფესორ მახარაძის მრავალმხრივი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ იყო შეფასებული სახელმწიფო ჯილდოებით და პრემიებით: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2012), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით(2007), შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემიით (2005), ღირსების ორდენით (2004), საქართველოს სახელმწიფო პრემიით ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგში (პუბლიცისტიკა) (2004);
მიხეილ მახარაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რეგიონისათვის, სამეცნიერო საზოგადოებისათვის, კოლეგებისა და მეგობრებისათვის.