4 ოქტომბერი 2023 წელი
ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სიმპოზიუმში - ,,დიგიტალური კავკასიოლოგია - პარადაგმათა ცვლა?" მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა. სიმპოზიუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე მონაწილეებს მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორმა რამაზ ხალვაშმა და ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ და მონაწილეებს უახლესი კვლევების შედგები გააცნეს.
დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარების მიზნით, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველმა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან, რის შედეგად ბსუ-ში დიგიტალური ჰუმანიტარიის ეტაპობრივი იმპლემენტაცია დაიწყო. კერძოდ: 2012 წელს პროფესორ მანანა თანდაშვილისა (ფრანკფურტი) და პროფესორ რამაზ ხალვაშის (ბსუ) ინიციატივით, ბსუ-ში პირველად ჩატარდა საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და დღეს უკვე ცნობილია როგორც ბათუმის საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში.
2015 წელს მანანა თანდაშვილისა და რამაზ ხალვაშის თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და სასწავლო პროგრამაში დაინერგა აკრედიტებული მაინორი პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. 2016-2017 წლებში განხორციელდა ფრანკფურტის, ბათუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის Cross- National Doctoral School in Digital Humanities საპილოტე ვერსია. 2017 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკფურტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით პირველად საქართველოში დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრი.
2017-2020 წლებში დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრმა, პროფესორ რამაზ ხალვაშისა და პროფესორ მანანა თანდაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელა სამეცნიერო პროექტი „ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“, რითაც სათავე დაედო ენისა და კულტურის დოკუმენტირების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების იმპლემენტაციას საქართველოში.
2022 წელს პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით დაარსებულ ორ საერთაშორისო ბილინგვურ სამეცნიერო ონლაინჟურნალში- „დიგიტალური ქართველოლოგია“ და „მილენიუმი“ - ევროპელ მეცნიერებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.
ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელოები დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, კორპუსლინგვისტიკაში, დიგიტალურ ქართველოლოგიაში, დიგიტალურ რუსთველოლოგიაში, დოკულინგვისტიკაში, რამაც უმნიშვნელოვანესი შედეგი მოიტანა ქართული მეცნიერებისათვის - სამეცნიერო ტერმინოლოგიის გაქართულება დიგიტალურ ჰუმანიტარიაში.