ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მალხაზ ბალაძე - 60

სურათი

 მალხაზ ბალაძე სამოცი წლისაა და ამ სამოციდან თითქმის ოთხი ათეული წელი იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია.  მისი კვალიფიციური და ნაყოფიერი გარჯა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის  ისტორიის ერთ-ერთი ღირსეული ფურცელია.

 მალხაზ ბალაძე დაიბადა 1964 წლის 15 აპრილს, ქედაში, სოფელ ბალაძეებში, სწავლობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამების საშუალო სკოლაში. უმაღლესი განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში - დაამთავრა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობით. სწავლობდა ივანე ჯვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2017 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "მხატვრულ სახეთა სისტემა აკაკის პოემებში” და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1994 წლიდან იგი მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობს ლექციებს ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, აკადემიურ წერაში; ასევე,  1999–2000   წლებში იყო ბსუ-ს კადრების განყოფილების გამგე; 2000–2003 წლებში - ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსის მოადგილე; 2011-2015 წლებში -  ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2016-2017 წლებში -  წლებში  ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2022 წლიდან  იგი ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.

მალხაზ ბალაძის ბიოგრაფიის შთამბეჭდავი ნაწილია წარმატებები აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებაში. იგი შოტოკან კარატეს ოსტატია და მეხუთე დანის მფლობელი. ამასთან, წლების განმავლობაში ემსახურება ახალგაზრდების დაოსტატების საქმეს. მის მოწაფეთაგან წლების განმავლობაში არაერთი იბრძოდა გამარჯვებისთვის საქართველოს, ევროპის თუ მსოფლიოს პრესტიჟულ ტურნირებში. მათ შორის არიან ჩეპიონებიც და პრიზიორებიც.

მალხაზ ბალაძის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა საგანგებო ყურადღებას იმსახურებს.  „ქრისტეს  „წმინდა მხედრების“  მხატვრული სახეები ა. წერეთლის პოემებში”, „ნ. ბარათაშვილის რელიგიური  თემატიკის ფსიქო–ლინგვისტური ანალიზი”, „ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციალისტური თემები აკაკი  წერეთლის შემოქმედებაში”, „მონანიების პრობლემა XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში”, „ადამიანისა და სამყაროს ურთიერთმიმართების პრობლემა  XIX ს.       ქართულ        ლიტერატურაში”, „ექსისტენციალიზმი და ვაჟა–ფშაველას შემოქმედება”, „ახალი ქართული ლიტერატურის აქტუალური პრობლემები”... - ეს არასრული ჩამონათვალია მისი სამეცნიერო ნაშრომებისა. ცხადია, რომ მათი ავტორი მრავალმხრივი და ფართო დიაპაზონის მკვლევარია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს  ახალი ქართული ლიტერატურის  ისტორიას, ფსიქოლოგიზმს   ლიტერატურაში,   ლიტერატურის  ფილოსოფიას და ა.შ.

მალხაზ ბალაძის სამოც წელიწადს განსაკუთრებული სიკეთით ამშვენებს ოჯახი - მეუღლე (ცნობილი პედაგოგი ნაირა ავალიანი), შვილები და შვილიშვილები.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეულია მალხაზ ბალაძის როლი სტუდენტების არაერთი თაობის ბიოგრაფიაში და დღესაც მისი საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა ნაბიჯი უნივერსიტეტის, პროფესიის სიყვარულით არის ნაკარნახევი... იგი გულიანად იღვწის, უშურველად გასცემს სიკეთეს, ერთგულად ემსახურება ქვეყანას, საზოგადოებას, არის უღალატო მეგობარი… ღირსებით სავსე სამოცი წელიწადი ახალი იდეების, ახალი საქმეების ახალი წარმატებების საფუძველია. სწორედ ამ განწყობით ვულოცავთ  საიუბილეო თარიღს, ბატონ მალხაზ ბალაძეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სიკეთის სიმრავლეს!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი,

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა