5 მაისი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო სკოლა გაიმართა. სკოლა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გერმანულენოვან აკადემიურ და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
საგაზაფხულო სკოლა გახსნეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თეონა ბერიძემ, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა, ალბინა ჰაასმა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ლექტორმა, გიგი ჭინჭარაულმა.
საგაზაფხულო სკოლაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვორქშოფები, ინტერაქციული თამაშები და პრეზენტაციები, რომლებიც ფოკუსირებული იყო გერმანულ ლიტერატურაზე, აკადემიური უნარების განვითარებაზე, გერმანიაში სტუდენტურ ცხოვრებასა და სწავლის შესაძლებლობებზე.
საგაზაფხულო სკოლა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის, მიუნსტერის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებითა და საქართველოში გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.