23 ივნისი 2015 წელი
ბსუ-ში წიგნის „ლაზურ-მეგრული გრამატიკა I. მორფოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო ავტორებმა:ჭაბუკი ქირიამ, ლალი ეზუგბაიამ, ომარ მემიშიშმა, მერაბ ჩუხუამ წარადგინეს. ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით სამეცნიერო პროექტის „ლაზურისა და მეგრულის შეპირისპირებითი გრამატიკა. I. მორფოლოგია (საერთო ძირ-ფუძეთა ინდექსითურთ)“ მიხედვით 2012-2015 წლებში თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბაზაზე.
ქართველოლოგიის განვითარების ისტორიაში პირველად დაიწერა ლაზურისა და მეგრულის ახალი ტიპის – შეპირისპირებითი გრამატიკა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისია. მონოგრაფიაში ერთდროულად არის განხილული როგორც ლაზურის, ისე მეგრულის მონაცემები.
რანგობრივი ანალიზის ყველა დონეზე გამოჩნდა ის საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რაც ახასიათებს ლაზურსა და მეგრულს. წიგნის მოცულობა 1072 გვერდია და სამ ნაწილად არის დაყოფილი: პირველ ნაწილში წარმოდგენილია სახელის მორფოლოგია, მეორე ნაწილი დაეთმო ზმნის მორფოლოგიას, ხოლო მესამე ნაწილში გაერთიანდა ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები.
მონოგრაფიას აქვს დართული ძირ-ფუძეთა ინდექსი (რაც მნიშვნელოვანი სიახლეა საზოგადოდ ქართველოლოგიაში), ასევე, მეგრულ-ლაზურისა და საერთოდ, ქართველური ენების შესახებ არსებული ძირითადი ლიტერატურის საკმაოდ სოლიდური ბიბლიოგრაფია.
ავტორების დასკვნით, კვლევამ მეგრული და ლაზური ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე აჩვენა ერთიანი სისტემა, რომელიც ხასიათდება გამორჩეული მონოლითურობით, იგი მთლიანად ქართველური ტიპის ენაა და მასში არ იკითხება სხვა წრის ენათა ადრეული გავლენის კვალი.
აღწერილ ენობრივ ერთეულებს შორის წარმოჩენილი სხვაობის ზღვარი თითოეულ მათგანს ერთმანეთის მიმართ დიალექტური დიფერენცირების ხარისხთან აახლოებს და შესაბამისად, ლინგვისტურ მონაცემებზე დაყრდნობით, აღწერილი ქვესისტემები კვალიფიცირდება, როგორც ერთი _ ზანური (კოლხური) ენის ორი დიალექტი: ლაზური და მეგრული.