ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტირება“

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი  IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტირება“ მასპინძლობს. ათდღიანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ორგანიზებით მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 25 სტუდენტი მონაწილეობს. ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ჰოლანდიის ნეიმეხენის უნივერსიტეტის პროფესორები წაიკითხავენ.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებას საქართველოში. პროგრამა ითვალისწინებს  ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლას, ფოლკსვაგენის ფონდის მიერ განხორციელებული DOBES-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ნეიმეხენის ენათა ელექტრონული არქივის გაცნობას, პრაქტიკული გამოცდილების  მიღებასა და საველე სამუშაოების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ 10 დღის განმავლობაში მოუსმინონ თეორიულ ლექციებს, თავად ჩაიწერონ მასალები, გადაიტანონ დიგიტალურ ფორმატში და წარმოადგინონ  საკუთარი კვლევის შედეგები.

პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას და სწავლების ინტერნაციონალიზაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის პატნიორ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე მეოთხედ მოხდება OLAT-ის (Online Learning and Training) პლატფორმის აპრობირება და ამავე სივრცეში მეორედ იქნება გამოყენებული სწავლების ახალი ფორმატი eLecture (ელექტრონული ლექციები), რაც მომავალში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ამ სისტემების დანერგვის საფუძველს შექმნის. სკოლის დასრულების ფაზაში ჩატარდება ევალუაცია - სტუდენტების გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარების მიხედვით. მათი ანალიზის საფუძველზე გაირკვევა საზაფხულო სკოლის დადებითი მხარეები და ხარვეზები.

საზაფხულო სკოლა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა