ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ლიტერატურა და კინემატოგრაფი“

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურულ კლუბში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორ გია ბარამიძის საჯარო ორდღიანი ლექცია თემაზე ,,ლიტერატურა და კინემატოგრაფი“. ლექცია მიზნად ისახავდა სიტყვას/ხმასა და გამოსახულებას შორის არსებული კავშირის ნათელყოფას, მხატვრული სახეებისა და კინემატოგრაფიული გამოსახულებების, ლიტერატურული ენისა და  კინოენის თავისებურებათა გაანალიზებას. მომხსენებელმა ისაუბრა კინოს, როგორც უნივერსალური ენის, აბსტრაქციისა და უნივერსალიზაციის,  გამოსახულებებისა და ნიშნების კომპოზიციის გაგებაზე; ლექცია ასევე ითვალისწინებდა იმის ახსნას, თუ რა მიმართებაშია ერთმანეთთან მხატვრული წარმოსახვა და კინემატოგრაფიული ფანტაზია; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიუჟეტური დროისა და კინემატოგრაფიული დროის პრობლემას.

პროფესორმა გია ბარამიძემ საჯარო ლექციაზე განიხილა მხატვრული რეალობისა და კინორეალობის კონსტრუირების მექანიზმები; მხატვრული გამონაგონისა და კინემატოგრაფიული ილუზიის სტრუქტურა; ფორმათქმნადობის სქემები და კონცეპტები; მხატვრული ნაწარმოებისა და კინოს ნარატიული სტრუქტურის  ელემენტები. ასევე გაანალიზა მხატვრული ლიტერატურისა  და კინემატოგრაფის  კომუნიკაციური  მოდელები,  მათი ზეგავლენა მაყურებლის მენტალურ ფიგურებზე;  მკითხველი და  მაყურებელი როგორც დამკვირვებელი და თანაკონსტრუქტორი; მათ ცნობიერებაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესები. ლექციაზე ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო გრიგოლ რობაქიძის შეხედულებების ანალიზს კინემატოგრაფსა და მხატვრულ ლიტერატურას შორის კავშირის  არსებული თაობაზე და მათ განხილვას თანამედროვე აზროვნების კონტექსტებში.

საჯარო ლექცია გაიმართა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამების - ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ - ფარგლებში. ასევე დაგეგმილია სამი საჯარო ლექციის ჩატარება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლიტერატურული კლუბის facebook-ის გვერდზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა