29 აგვისტო 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ერთობლივი V საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია“ დასრულდა. მასში მონაწილეობა 150-ზე მეტმა სტუდენტმა და 40-მდე პროფესორმა მიიღო, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან. საზაფხულო სკოლაში უკვე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ბსუ-ში შეიქმნა და 2015 წლიდან მოქმედებს მაინორის პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომელიც ერთადერთია საქართველოში. აღნიშნული პროგრამისათვის საზაფხულო სკოლის ფარგლებში უკვე მომზადდა ორი ქართულენოვანი სახელმძღვანელო.
ბათუმში დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.