19 ივნისი 2017 წელი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის წარდგინება გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელმა ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ანთიძემ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სოციოლოგმა - იაგო კაჭკაჭიშვილმა დაინტერესებულ საზოგადოებას პროგრამის მიზანი, არსი, მიღების წინაპირობა და დასაქმების სფერო გააცნეს. სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა რეგიონში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული პროცესების შესწავლასა და ანალიზს ითვალისწინებს.
პროგრამის წარდგინება ნებისმიერი სპეციალობის მეოთხეკურსელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაიმართა, ვისაც სწავლის გაგრძელება სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სურს და ეროვნულ გამოცდებზე A ტიპის ტესტს აბარებს.
სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა ბსუ-ში 2 წელია მოქმედებს. ის ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, თსუ-სა და ილიაუნის პროფესორები ახორციელებენ.