ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. თითოეულმა ფაკულტეტმა უნივერსიტეტის ეზოში მოაწყო გამოფენა, რომლის საშუალებით სტუდენტები გაეცნენ არსებულ სიახლეებსა და მიღწევებს. ასევე გაიხსნა სტუდენტური კაფე და სტუდენტთა სერვისების ერთიანი სივრცე, სადაც სტუდენტებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან. უნივერსიტეტისა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თანამედროვე ქართველ ავტორებთან: ალექსანდრე ლორთქიფანიძესა და მარიკა მამალაძესთან. ახალი სასწავლო წლის გახსნა მუსიკალურად ბსუ-ს ბენდმა გააფორმა.