ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორი მანანა თანდაშვილი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია

სურათი

ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგეს, პროფესორ მანანა თანდაშვილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფესორმა მანანა თანდაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს განვითარებაში, მისი ხელშეწყობით უნივერსიტეტში 2012 წელს დაარსდა საზაფხულო სკოლა ციფრულ ჰუმანიტარიაში, 2015 წელს ამავე მიმართულებაში შეიქმნა დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო 2016 წელს გაიხსნა ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი. ცნობილი ენათმეცნიერის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი „ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივის დაფუძნებას, ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური ჩარჩოს შექმნას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა DigiArchive-ს ორენოვანი ვებგვერდი.

პროფესორ მანანა თანდშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა უკავშირდება ენის მოდელირების, ენათა ელექტრონული დოკუმენტაციისა და კორპუსის ლინგვისტიკის საკითხებს. 1999 წელს მკვლევარი გახდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდიანტი ენათმეცნიერების დარგში, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანელ კავკასიოლოგებთან ვოფფგანგ და იოსტ გიპერტთან ერთად უდიური სახარების ელექტრონული ვერსიის შექმნასა და ტექსტის გრამატიკის საკითხებზე.

ცნობილი მეცნიერი 1991-2001 წლებში ლექციებს კითხულობდა მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტში,  2007-2008 წლებში მიწვეული იყო იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად, 2002 წლიდან არის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მუდმივი შტატის პროფესორი და ხელმძღვანელობს კავკასიოლოგიას უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში. პროფესორმა მანანა თანდაშვილმა 2010 წელს დააარსა ფრანკფურტის ლიგნვისტური წრე, ზაქარია ფურცხვანიძესთან ერთად ქართველური ენებისთვის შეიმუშავა სწავლების თანამედროვე დიდაქტიკური სცენარი „24-საათიანი სასწავლო წრე“ და შეიქმნა ქართული ენის სწავლების ინოვაციური პლატფორმა ფრანკფურტის უნივერსიტეტში.

ენათმეცნიერმა 2015 წელს დაარსა ფრანკფურტის ქართველთა სათვისტომო „ქართული კულტურის ფორუმი“, რომლის ფარგლებში ქართველი ბავშვებისთვის შექმნა საკვირაო სკოლა და 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა.

პროფესორი მანანა თანდაშვილი 2011 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ ქართულ-გერმანული სამცენიერო და კულტურული თანამშრომლობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა