ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ზურაბ ჭუმბურიძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე.

მრავალმხრივი იყო ზურაბ ჭუმბურიძის სამეცნიერო ინტერესების სფერო: სვანური ენა, ტექსტოლოგია, ძველი ქართული ხელნაწერები, ქართული სალიტერატურო ენისა და მწერლობის პრობლემები... იგი არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელთა შორის ბევრი მონოგრაფიაა: ,,ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები“ (1956), ,,სალიტერატურო ენა და მწერლობა“ (1962), ,,რა გქვია შენ?“ (დაისტამბა ოთხჯერ: 1966, 1971, 1982, 2003 წწ), ,,ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ (1983, 2000), ,,მყოფადი ქართველურ ენებში“ (1986) და ბევრი სხვა.

ზ. ჭუმბურიძეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ყოფილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი). გასული საუკუნის 70-იან წლებში არაერთხელ იყო მოწვეული სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ, მეგობრობდა ბათუმელ კოლეგებთან.  ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის კურსდამთავრებულები თბილად იხსენებენ  პრინციპულ, მომთხოვნ და სამართლიან კომისიის თავმჯდომარეს. ბსუ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის თანამედროვე თაობას ახსოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონი ზურაბის გულწრფელი დამოკიდებულება, თანადგომა და რჩევები.

ზურაბ ჭუმბურიძის ღვაწლი აღინიშნა წმინდა გიორგის ოქროს ჯვრითა და ღირსების ორდენით, ასევე მიღებული ჰქონდა ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო და იაკობ გოგებაშვილის პრემიები.

ვუსამძიმრებთ ოჯახს და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზურაბ ჭუმბურიძის გარდაცვალების გამო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა