17 ივლისი 2023 წელი
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა და თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში, ქ. პოზნანში ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში 2023 წლის 10-12 ივლისს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში: „კორპუსული მონაცემების გამოყენება კონტრასტულ და მთარგმნელობით მეცნიერებებში“ (UCCTS7).
კონფერენციის მაღალ სამეცნიერო ღირებულებას განსაზღვრავს კონფერენციის ორგანიზატორებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრების ექსპერტიზა თარგმანის თეორიულ და გამოყენებით კვლევებში. კონფერენციათა სერია იმართება ორ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის დარგობრივად წამყვან უნივერსიტეტებში და ეძღვნება შეპირისპირებითი თარგმანმცოდნეობის კორპუსლინგვისტიკური მეთოდოლოგიით კვლევის პრობლემებს, წერითი და ზეპირი თარგმანის კორპუსების შექმნის, მათ შორის სინქრონული თარგმანის სასწავლო-აკადემიური რესურსების კორპუსული განვითარების, გამოყენებისა და კვლევის მეთოდოლოგიის განვითარების საკითხებს.
ხათუნა ბერიძემ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის დაფინანსების კონკურსის შედეგების საფუძველზე. ხათუნა დიასამიძესთან თანაავტორობით, მან წარადგინა მოხსენება აკვისის ქართული თარგმანის კორპუსლინგვისტიკური კვლევის შედეგების შესახებ.